დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ჩრდილოეთ ირლანდიის, საფრანგეთისა და ევროკავშირის მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა
დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ჩრდილოეთ ირლანდიის, საფრანგეთისა და ევროკავშირის მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის, საფრანგეთისა და ევროკავშირის მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, დავით ზალკალიანმა ელჩებს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციისა და აღნიშნულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო რეჟიმის მიერ ბოლო პერიოდში გახშირებულ დესტრუქციულ ქმედებებზე, მათ შორის, ისაუბრა ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული გადაწყვეტილების გამო, საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძისთვის 12 წელზე მეტი ვადით უკანონო პატიმრობის გახანგრძლივების შესახებ.

„უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივი განთავისუფლების, ასევე, ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით გახშირებული ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსიის კუთხით გადადგმული ნაბიჯების შედეგად გამოწვეული პრობლემების გადაჭრაზე საუბრისას, ხაზი გაესვა აღნიშნულ პროცესებში საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. აღნიშნულ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა მხარეებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში შემდგომი თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე. მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა ყველა აქტუალურ საკითხზე“, – აცხადებენ სამინისტროში.