დავით ზალკალიანი - საქართველოს ძალისხმევა მიმართულია მნიშვნელოვანი საერთაშორისო ენერგო-ტრანზიტული პროექტებისკენ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ძალისხმევა მიმართულია მნიშვნელოვანი საერთაშორისო ენერგო-ტრანზიტული პროექტებისკენ.
შესაბამისი განცხადება საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შავი ზღვის რეგიონისადმი მიძღვნილ პანელზე სიტყვით გამოსვლისას.
„დიდი პოტენციალის მქონე რეგიონის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს რეგიონის ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა, ტრანსპორტისა და ენერგიის სფეროში კავშირების გაღრმავება და მთავარ სტრატეგიულ პროექტებსა და ინიციატივებში ჩართულობა.
საქართველომ არსებულ რეგიონულ პროექტებში აქტიური ჩართულობით დაამტკიცა თავისი სანდოობა და ამის მაგალითია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი. ამავე დროს, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია მნიშვნელოვანი საერთაშორისო ენერგო-ტრანზიტული პროექტებისკენ, როგორიცაა სამხრეთის გაზის დერეფანი (TANAP, TAP), თეთრი ნაკადი, ტრანს-კასპიური გაზსადენი, ევრაზიის ენერგოსატრანსპორტო დერეფანი და AGRI“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისი თქმით, საქართველო აქტიურად არის ჩართული სატრანზიტო მარშრუტებისა და დერეფნების განვითარების პროცესში და ისეთ პროექტებში, როგორებიცაა შავი და კასპიის ზღვების სატრანსპორტო დერეფანი, „ლაპის ლაზული“, სამხრეთ-დასავლეთის დერეფანი, ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ხოლო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ მნიშვნელოვნად შეამცირა ევროპიდან ჩინეთამდე ტვირთის გადაზიდვის დრო.
„საქართველო ძალისხმევა სრულად არის მიმართული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებისკენ და მოვუწოდებთ როგორც აშშ-ს, ისე ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
თავის გამოსვლაში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასებას, 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელს (5,2%), რაც აჭარბებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირვანდელ პროგნოზს.
ზალკალიანის თქმით, 2020 წელს ეკონომიკის ზრდის პერსპექტივა სტაბილურია და ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტს შეადგენს, ხოლო რისკები დაბალანსებულია 2019 წელს მოსალოდნელზე მაღალი აქტივობის გამო.
მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყანაში არსებულ გარემოს აფასებს, როგორც რეფორმების გაგრძელების კარგ შესაძლებლობას.
ზალკალიანის თქმით, გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობის წინაშე ეფექტიანი ქმედებისთვის, შავი ზღვის რეგიონი საჭიროებს ყოვლისმომცველ მიდგომას და ნატო-სა და ევროკავშირს შორის მჭიდრო თანამშრომლობას პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური მიმართულებით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასეთი სტრატეგიით გათვალისწინებული უნდა იყოს შავი ზღვის ქვეყნების მიღწევები ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მეტი ჩართულობა კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში, რეგიონალური პარტნიორობის შესაძლებლობების შენებისა და რეგიონალური და გლობალური პროექტების მხარდაჭერის პარალელურად.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს 14-15 თებერვალს მიმდინარე მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაში.