დავით ზალკალიანი - საქართველოს დელეგაციამ მაქსიმალურად გამოიყენა გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნა, რათა ქვეყნის წინაშე არსებული პერსპექტივები, სამომავლო გეგმები და აქტუალური გამოწვევები ყოფილიყო გაცხადებული
დავით ზალკალიანი - საქართველოს დელეგაციამ მაქსიმალურად გამოიყენა გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნა, რათა ქვეყნის წინაშე არსებული პერსპექტივები, სამომავლო გეგმები და აქტუალური გამოწვევები ყოფილიყო გაცხადებული

საქართველოს დელეგაციამ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად გამოიყენა გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნა, რათა ქვეყნის წინაშე არსებული პერსპექტივები, სამომავლო გეგმები და აქტუალური გამოწვევები ყოფილიყო გაცხადებული და გვესაუბრა იმაზე, რა უნდა გაკეთდეს სამომავლო პერსპექტივაში, რომ საქართველომ ეს გამოწვევები დაძლიოს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე გამოსვლის და ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ საერთო ჯამში 26-მდე შეხვედრა გამართა.

„გასული კვირა უაღრესად დატვირთული იყო საერთაშორისო თვალსაზრისით. მინდა, კიდევ ერთხელ შევაფასო და აღვნიშნო, რომ საქართველოს დელეგაციამ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად გამოიყენა გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნა იმისთვის, რომ ქვეყნის წინაშე არსებული პერსპექტივების, ასევე სამომავლო გეგმების შესახებ და ასევე იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც აქტუალურია, ყოფილიყო გაცხადებული და გვესაუბრა იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს სამომავლო პერსპექტივაში, რომ საქართველომ დაძლიოს ეს გამოწვევები. ასევე გააგრძელოს ის პროცესები, რაც არის დაკავშირებული რეფორმებთან, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასთან, ასევე ჩვენი გარე საფრთხეების მინილიზაციასთან, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს სტაბილურობა და გრძელვადიანი განვითარება.

საერთო ჯამში, საქართველოს დელეგაციამ 26-მდე შეხვედრა გამართა, როგორც ორმხრივი თვალსაზრისით, მხედველობაში მაქვს როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე ჩემი ორმხრივი შეხვედრები და გამოსვლა გენერალურ ასამბლეაზე.

ყურადღებას გავამახვილებდი გამოსვლის მნიშვნელოვან მიმართულებებზე. ვიტყვი, რომ ეს გამოსვლა იყო მართლაც უაღრესად ყოვლისმომცველი. პრემიერმა აქცენტები გააკეთა იმ პროგრესზე, რომელიც ქვეყანას აქვს, ასევე სამომავლო პერსპექტივებზე. აღინიშნა ასევე, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოთამაშე ჩვენს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან ერთად და დიდი წვლილი შეგვაქვს გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც არის აღიარებული ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან, რაც არის დადასტურებული და პრაქტიკულ განზომილებაში თარგმნილი“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.