დავით ზალკალიანი - საქართველო მთელ რეგიონში აშშ-ის ყველაზე ძლიერი სტრატეგიული მხარდამჭერია
დავით ზალკალიანი - საქართველო მთელ რეგიონში აშშ-ის ყველაზე ძლიერი სტრატეგიული მხარდამჭერია

კონგრესმენ ფრანცის რუნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია არის კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი მათთვის, ვინც რუსეთის უკანონო ქმედებას მხარს უჭერს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არასოდეს არ იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარებული და მიღებული, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კონგრესმენ ფრანცის რუნის მიერ ინიცირებული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა. რეზოლუცია საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას გმობს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ საქართველოს სუვერენიტეტს მხარს უჭერს არა მხოლოდ აშშ, არამედ ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობა.

დავით ზალკალიანის თქმით, აშშ-ისა და საქართველოს პარტნიორობა, რომელიც გამოიხატება არა მხოლოდ რეზოლუციებსა და მხარდამჭერ განცხადებებში, არამედ კონკრეტულ ქმედებებში, მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს ეკონომიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით.

აშშ-ის კონგრესს სირიის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია წარედგინა.