დავით ზალკალიანი - საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში, ჩვენს გარეშე რთული იქნება რეგიონის გრძელვადიანი სტაბილურობა
დავით ზალკალიანი - საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში, ჩვენს გარეშე რთული იქნება რეგიონის გრძელვადიანი სტაბილურობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუმინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი უკრაინელ კოლეგასთან ერთად ხვალ მონაწილეობას მიიღებს რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება რეგიონალურ უსაფრთხოებასთან და საქართველოს და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები.

ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი უკვე შეხვდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირისპირ შეხვედრის ფორმატში, ანალოგიურად ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი ხვალაც. ხვალ საგარეო უწყების ხელმძღვანელი პოლონეთის, რუმინეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება.

ამასთან, საქართველოსა და რუმინეთის პირველი დიპლომატები ხელს მოაწერენ 2021-2022 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროების თანამშრომლობის სამოქმედო გეგმას.

„პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არის პირველად, როდესაც საქართველო და უკრაინა არის მოპატიჟებული იმ სამმხრივ ფორმატში, რომელიც ჩამოყალიბდა 2012 წელს თურქეთს, რუმინეთსა და პოლონეთს შორის. წელს პირველად ჩვენმა პარტნიორებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ჩართული ამ ფორმატში და ფაქტობრივად, იგი უკვე ხუთეულის ფორმატის სახით ჩატარდება ხვალ. დღის პირველ ნაწილში სამეულის ფორმატი შეხვდება და შემდეგ უკვე მე, უკრაინელ კოლეგასთან ერთად შევუერთდები ჩვენს პარტნიორებს. ეს არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი საქართველოსთან თანამშრომლობას. ფაქტია, რომ საქართველო მნიშვნელოვან ფუნქციას და როლს და ასრულებს რეგიონში, ჩვენს გარეშე ძალიან რთული იქნება რეგიონის გრძელვადიანი სტაბილურობა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ამიტომ იმ ქვეყნებს, რომლებიც ხვალ შევიკრიბებით, ბევრი საერთო მიზანი, საერთო გამოწვევა გვაქვს და მომავლის პერსპექტივებზეც იქნება საუბარი. ფაქტია, რომ რუმინეთი და თურქეთი არიან ჩვენი მეზობლები შავი ზღვის რეგიონში და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ შავი ზღვა ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ დატვირთვას და ფუნქციას იძენს უსაფრთხოების კონტექსტში და არამხოლოდ უსაფრთხოების, ეკონომიკური თანამშრომლობის კონტექსტში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს სახმელეთო საზღვარი არ აქვს ევროკავშირთან, ერთადერთი გეოგრაფიული საზღვარი ჩვენსა და ევროკავშირს შორის არისშავი ზღვა. შავი ზღვის მეორე მხარეს არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მათ შორის რუმინეთი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირში. დაკავშირებულობა ევროკავშირთან იყოს სწორედ ამ ქვეყნების საშუალებით და ხვალინდელი შეხვედრაც ბუნებრივია, ამ თვალსაზრისით იქნება ძალიან სასარგებლო. მე მათ გავაცნობ ჩვენს ხედვას, როგორ წარმოგვიდგენია ეს თანამშრომლობა, როგორც უსაფრთხოების კუთხით, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით“,- განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანის თქმით, მისთვის სასიხარულოა, რომ საქართველო ასეთ ფორმატშია წარმოდგენილი.

„კიდევ ერთი, ძალიან მიხარია რომ საქართველო არის ასეთ დიდ ფორმატებში წარმოდგენილი. ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, იმ ხელოვნურად შექმნილ კრიზისზე, მაშინ როდესაც ხედავთ როგორ სწრაფად ვითარდება სიტუაცია. საქართველო მუდმივად უნდა იყოს ესეთ დიდ ფორმატებში, დიდ გაერთიანებებში. ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ხვალ ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ ასეთ მნიშვნელოვან ფორუმში და გვექნება შესაძლებლობა, რომ ძალიან შინაარსიანი და საგნობრივი საუბარი ვაწარმოოთ ჩვენს პარტნიორებთან. ეს მხოლოდ დასაწყისია, მერწმუნეთ, რადგანაც ჩვენ კიდევ მომავალში ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება გველოდება, სადაც საქართველო იქნება ჩართული და სადაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას ვიტყვით“,- განაცხადა ზალკალიანმა.