დავით ზალკალიანი - საქართველო მხარს არ უჭერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას, რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენის საკითხზე
საქართველო პრინციპული და თანმიმდევრულია საკუთარ პოზიციაში და მხარს არ უჭერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას, რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენის საკითხზე, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის მიერ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ კომენტარში.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამწუხარო გადაწყვეტილება! ჩვენ ჯერ კიდევ მაისში, ჰელსინკში ევროპის საბჭოს მინისტერიალზე პრინციპული პოზიცია დავაფიქსირეთ და მხარი არ დაუჭირეთ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენი პოზიცია არის თანმიმდევრული“, – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
გვიან ღამით, ცხრასაათიანი დებატებისა და განხილვის შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის დელეგაციას ორგანიზაციაში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა. რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ასამბლეაში და მის ორგანოებში წევრთა ხმის მიცემის, საუბრისა და წარმომადგენლობის უფლება არ უნდა იყოს შეჩერებული. დოკუმენტის სახელწოდებაა „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილებისა და ხმის მიცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება“. მისი ავტორი რეგლამენტის კომიტეტის ხელმძღვანელი, ბელგიელი სოციალისტი დეპუტატი პეტრა დე სუტერია.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას საქართველომ მხარი არ დაუჭირა.