დავით ზალკალიანი - საქართველო-აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობა წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად ვითარდება და ახალ დადებით იმპულსს იძენს
დავით ზალკალიანი - საქართველო-აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობა წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად ვითარდება და ახალ დადებით იმპულსს იძენს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დასრულდა.

დავით ზალკალიანმა და ჯეიჰუნ ბაირამოვმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, ერთობლივ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ამასთან, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

დავით ზალკალიანის განცხადებით, დარწმუნებულია, ჯეიჰუნ ბაირამოვი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, მივესალმო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობისას საქართველოში. მინდა, მივულოცო მას ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა, ვუსურვო წარმატებები და დარწმუნებული ვარ, რომ ის ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც არსებობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და რომელიც ატარებს უნიკალურ ხასიათს, თვისობრივად ახალ დონეზე ავა და ბატონი მინისტრი საკუთარ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში.

ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული და მაღალი დონის პარტნიორობა წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად ვითარდება და ახალ დადებით იმპულსს იძენს, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ რეგიონის საზღვრებს გარეთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.

ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ერთმანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს საერთაშორისო ფორმატებში, მათ შორის ბოლო განხილვის დროს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სადაც აზერბაიჯანი მკაფიოდ გამოხატავს პოზიციას საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების კენჭისყრის დროს. ეს იყო მართლაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელიც იყო გამოხატული ბოლო გაერო-ს რეზოლუციის კენჭისყრისას. თავის მხრივ, ასევე ვიზიარებთ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის წუხილს იმ ესკალაციასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო პერიოდში იყო აზერბაიჯანისა და სომხეთის სახელმწიფო საზღვართან და მივიჩნევთ, რომ აუცილებელია, გადაიდგას ნაბიჯები დეესკალაციის მიმართულებით. აუცილებელია, რომ დეესკალაციის პროცესში იყოს აქტიურად ჩართული საერთაშორისო თანამეგობრობა“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

ზალკალიანის განმარტებით, მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შემდგომ გააქტიურების აუცილებლობაზე.

„შევთანხმდით ასევე, რომ შესაბამისი უწყებები აქტიურად იმუშავებენ საქართველოდან ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობაზე, განსაკუთრებით ყურადღება დავუთმეთ ჩვენს თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული პროექტების კიდევ უფრო მეტად ეფექტურად ფუნქციონირების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვართ ერთობლივად ჩართული ძალიან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში და ეს პროექტები არ არის მხოლოდ ეკონომიკური განზომილებების, ეს პროექტები არის ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური განზომილების, რაც მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს, აზერბაიჯანის და მთლიანად რეგიონის მიმზიდველობას.

რა თქმა უნდა, ასევე ვისაუბრეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც არის დაკავშირებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესთან, რომელიც შეფერხდა გარკვეულწილად პანდემიის პირობებში შეხვედრის ჩატარების სირთულეებიდან გამომდინარე, მაგრამ გამოიხატა ორივე მხარის დაინტერესება პროცესის დაჩქარებით და საქართველოს და აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით ამ სიტუაციიდან რაც შეიძლება დროულად გამოსვლის, ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ასევე ვისაუბრეთ პანდემიის პირობებში იმ მჭიდრო კოორდინაციაზე, რომელიც მუდმივად იყო ჩვენს შორის, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. მნიშვნელოვანია, რომ ერთი დღით არ შეჩერებულა ტვირთბრუნვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, მიუხედავად პანდემიისა და შეიძლება ითქვას, რომ პირიქით, ამ მიმართულებით ჩვენ მზარდი დინამიკა გვაქვს.

რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ასევე კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობებზე, ამ მიმართულებითაც არის უაღრესად პოზიტიური დინამიკა. ჩვენ მადლიერი ვართ ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგების იმ მხარდაჭერისთვის, რაც აქვთ კახის რაიონში ჩვენი სკოლების და თეატრის რეაბილიტაციის კუთხით, სადაც იყო აზერბაიჯანის უმაღლესი ხელისუფლების და ბატონი პრეზიდენტის პირადი მხარდაჭერა. მინდა, ამისთვის მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო და ჩვენ, რა თქმა უნდა ძალიან ვაფასებთ იმ მაღალ შეფასებებს, რომელიც ჩვენ გვაქვს აზერბაიჯანის უმაღლესი ხელისუფლების და კერძოდ, პრეზიდენტის მხრიდან, რაც არის გამოხატული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო თვისობრივად ახალ დონეზე გადაყვანის მიმართულებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.