დავით ზალკალიანი - საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას არანაირი ჩრდილი არ მიადგება
დავით ზალკალიანი - საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას არანაირი ჩრდილი არ მიადგება

ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას, მათი მხრიდან რეაგირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ზალკალიანმა კომენტარი გააკეთა რამდენიმე კონგრესმენისა და სენატორის განცხადებაზე, რომელშიც ისინი საქართველოში პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც შენი მეგობარი სტრატეგიული პარტნიორი რეაგირებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ძალიან ბევრი წინააღმდეგობრივი ინფორმაცია მიდის ვაშინგტონში. მათთან კომუნიკაცია აქვს ყველას, როგორც ხელისუფლებას, ისე ჩვენს ოპონენტებსაც.  საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას არანაირი ჩრდილი არ მიადგება. ჩვენ გვაქვს უმაღლესი დონის შეფასებები, ამერიკის როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. გადახედეთ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მთავარი სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის ქარტიის ოთხივე სამუშაო ჯგუფის შეფასებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, თუ სხვა რეფორმებთან დაკავშირებით, მათ შორის თუნდაც იგივე საარჩევნო რეფორმა“,-აღნიშნა ზალკალიანმა.

ამასთან, რაც შეეხება ოპოზიციასთან დიალოგსა და საარჩევნო სისტემას, როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ხელისუფლება აქტიური დიალოგის რეჟიმშია ოპონენტებთან.

„ამის საპასუხოდაც ჩვენ ვიღებთ საკმაოდ დესტრუქციულ ქმედებებს, ხშირ შემთხვევაში, ცდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს. ძალადობრივი და დესტრუქციული მოქმედებით ჩვენ არ მიგვიყვანს იქამდე, რომ შედგეს კონსენსუსი. დიალოგი უნდა გაგრძელდეს, გადავიდეს კონსტრუქციულ ფორმებში, არა ქუჩისა და პარლამენტის დაბლოკვის დესტრუქციული ქმედებებით, არამედ დიალოგის რეჟიმში. ამისთვის ხელისუფლება მზაობას ავლენს“,- აღნიშნა ზალკალიანმა.

კითხვაზე – თუ არასწორი ინფორმაცია იგზავნება ვაშინგტონში ოპოზიციის მხრიდან, ხელისუფლების დელეგაციამ შეძლო თუ არა მათი დარწმუნება, საგარეო საქმეთა მინისტრი პასუხობს:

„ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ამერიკელ პარტნიორებთან. წაიკითხეთ დეკლარაცია, რომელიც ჩვენო სტრატეგიული პარტნიორობის ათი წლისთავს ეხება.  მე ვიყავი ოპოზიციაში 2012 წელს და დაჟინებით ვთხოვდით იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ასე თამამად გამოდიან,  ხელისუფლებას სდებენ ბრალს ანტიდემოკრატიულობაში, მოეცათ ჩვენთვის, ოპოზიციისთვის შესაძლებლობა, ჩავრთულიყავით დემოკრატიის სამუშაო ჯგუფში ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში. ჩვენ გავხსენით ეს შესაძლებლობა. 2012 წლის შემდეგ ოპოზიცია, ყველა ის პარტია, რომელიც წარმოდგენილი იყო მაშინ და ამჟამად პარლამენტშია, ჩვენთან ერთად ზის ამერიკელ პარტნიორებთან და საუბრობს ყველაფერზე. ჩვენ მივეცით მათ შესაძლებლობა, გავხსენით ფანჯარა. ეს არ არის დემოკრატიული განვითარება? მინდა, შეგახსენოთ ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ამ ხელისუფლებამ მიიღო სასამართლოს სისტემის კუთხით. გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო. პროკურორი, მოსამართლე იღებდა პოლიტიკურ დაკვეთებს, როდესაც აპატიმრებდნენ სატელიტურ თეფშებს, მედიის თავისუფლება იყო შეზღუდული. იგივე საკუთრების უფლების კუთხით, ადამიანების დაპატიმრების თვალსაზრისით, შეადარეთ სტრასბურგში გასაჩივრებული ქეისების რაოდენობა, მაშინდელი და ამჟამინდელი, როგორი კლებაა“,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.