დავით ზალკალიანი - საოკუპაციო ხაზთან გატაცების ფაქტი მიუღებელია და ასეთ შემთხვევებზე მკაცრად ვრეაგირებთ ყველა შესაძლო მექანიზმის ამოქმედებით
საოკუპაციო ხაზთან გატაცების ფაქტი მიუღებელია და ასეთ შემთხვევებზე მკაცრად ვრეაგირებთ ყველა შესაძლო მექანიზმის ამოქმედებით, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების მიერ საქართველოს შვიდი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციის კომენტირებისას.
დავით ზალკალიანის თქმით, ამ წუთებში მიდის ინფორმაციის გადამოწმება.
„გატაცებულების შესახებ ჩვენც ამ წუთებში მივიღეთ ინფორმაცია. მიდის ინფორმაციის გადამოწმება. ამოქმედებული არის ყველა არხი, რომ მივიღოთ ზუსტი ინფორმაცია. მათ შორის, ცხელი ხაზი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ჩართული არის ყველა უწყება.
ბუნებრივია, როგორც კი დადასტურდება ინფორმაცია, ჩვენ ჩავრთავთ ყველა მექანიზმს, რომელიც მსგავსი სიტუაციისთვის არის გათვალისწინებული იმისთვის, რომ მოხდეს მათი დაუყოვნებლივი გათავისუფლება. ჩართული იქნება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც ამ შემთხვევაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი არხი იმისთვის, რომ მოხდეს კომუნიკაცია, ასევე ინციდენტების პრევენციის ფორმატი ამოქმედდება და მოხდება შესაბამისი კომუნიკაცია იმისთვის, რომ მოხდეს ამ ადამიანების გათავისუფლება.
გატაცების ფაქტი მიუღებელია და ამ შემთხვევაში, ჩვენ მკაცრად ვრეაგირებთ ყველა შესაძლო მექანიზმის ამოქმედებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი არის მიუღებელი.
„გუგუტიანთკარში არსებული მდგომარეობა ჩემი თვალით ვიხილე. რა თქმა უნდა, ოკუპაციისა და ბორდერიზაციის პროცესი არის მიუღებელი და ამასთან მიმართებაში ჩვენ მყისიერად გავაკეთეთ რეაგირება პირველივე დღიდანვე, მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ამჟამად შეჩერებულია, ეს ჩვენ არ გვაძლევს მშვიდად ყოფნის საშუალებას და მუდმივად ვართ 24-საათიან რეჟიმში დასავლელ და არამარტო დასავლელ პარტნიორებთან.
ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ყველა აქტორთან, რომელიც არის ჟენევის დიალოგის მონაწილე, მათ შორის თანათავმჯდომარეებთან ვართ კონტაქტზე, რომ იყოს შეწყვეტილი ეს უკანონო პროცესი და რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირებაც იყო ადეკვატური. ჩვენ ვიხილეთ ძალიან მძაფრი განცხადებები, მათ შორის, ისეთი მაღალი ტრიბუნიდან, როგორიც არის გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფორმატი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სოფელ ახალუბანში გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა, ტარიელ ვათიაშვილმა დაუდასტურა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.