დავით ზალკალიანი - საოკუპაციო ძალების მოქმედებას მკაცრი საერთაშორისო შეფასება მიეცემა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის იმედი აქვს.
„ატოცში საოკუპაციო ძალებმა განაახლეს მავთულხლართების დამონტაჟება, რაც უკანონო ქმედება და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური კომუნიკაცია ყველა საერთაშორისო პარტნიორთან.
ყველა საელჩოს და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობას აქვს ინსტრუქცია, რომ რაც შეიძლება მაღალ დონეზე აიტანოს ეს საკითხი, როგორც ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში განხილვის ფორმატებში.
გვექნება განხილვა ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე, იქნება მომავალ კვირაში ევროპის საბჭოში კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის დროს. უკვე გვაქვს გამოხმაურებებიც. მოგეხსენებათ, რომ მკაცრი განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. გვქონდა გამოხმაურება ძალიან კარგი რეზოლუციით ირლანდიის პარლამენტის მხრიდან. დარწმუნებული ვართ, რომ ამას მიეცემა შესაბამისი ადეკვატური შეფასება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.