დავით ზალკალიანი - სახელმწიფო თითოეული უწყების დონეზე, სამოქალაქო და კერძო სექტორის ჩართულობით ცდილობს, წინ აღუდგეს დეზინფორმაციის გავრცელებას
დავით ზალკალიანი - სახელმწიფო თითოეული უწყების დონეზე, სამოქალაქო და კერძო სექტორის ჩართულობით ცდილობს, წინ აღუდგეს დეზინფორმაციის გავრცელებას

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით გამართულ პირველ „მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულში“, რომელიც გაერო-ს 2021 წლის 25 მარტის შესაბამისი რეზოლუციით დაარსდა.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პირველმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო რეზოლუციის თანაავტორი და მთავარი სპონსორია, და ამგვარი რეზოლუცია პირველად მიიღო გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ.

„საქართველოს მიერ რეზოლუციის ინიციატორ მთავარ ჯგუფში ყოფნა ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნისთვის დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და მედიაწიგნიერების განმტკიცების მნიშვნელობას, ასევე, მედიის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის პრიორიტეტულობას,“ – აღნიშნა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, დღევანდელ ინფორმაციულ ეპოქაში მსოფლიოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება დეზინფორმაციისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რისი შესაძლებლობაც სწორედ თანამედროვე უსაზღვრო კომუნიკაციების საშუალებების შედეგად იქმნება.

„საქართველოს შემთხვევაში, დეზინფორმაციული აქტივობები ძირითადად მიმართულია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ, ინსტიტუტებისადმი ნდობის შერყევისა და ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შეფერხებისკენ. სახელმწიფო თითოეული უწყების დონეზე, სამოქალაქო და კერძო სექტორის ჩართულობით ცდილობს წინ აღუდგეს ამ გამოწვევას. ამის მაგალითია, მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგიები, მათ შორის, ევროკავშირსა და ნატო-ზე. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და მისი რეგიონული წარმომადგენლობების საქმიანობა ქვეყნის მასშტაბით. მიმდინარე კვირეულიც ამ ძალისხმევის ნათელი მაგალითია,“ – განცხადა მინისტრმა და ხაზი გაუსვა ამ კუთხით მედიაწიგნიერების გაძლიერების მნიშვნელობას.

„მიმდინარე კვირეულის მიზანია გაერო-ს წევრ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, გაიზარდოს ცნობიერება მედიაწიგნიერების საჭიროებებისა და როლის შესახებ. აუცილებელია, რომ მოქალაქეებს თანამედროვე საინფორმაციო გარემოში ჰქონდეთ მიღებული ინფორმაციის გადამოწმებისა და სწორად შეფასების უნარ-რჩევები. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო განაგრძობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, მედიის დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის დაცვის  უზრუნველყოფას,“ – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

აღსანიშნავია, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 2021 წლის 25 მარტის 75-ე სესიის ფარგლებში მიღებული რეზოლუციის თანახმად, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო კვირას ჩატარდება.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.