დავით ზალკალიანი - საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს რუსეთის უკანონო ქმედებებს, რომელიც მიმართულია ქვეყნის ოკუპაციისკენ 
დავით ზალკალიანი - საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს რუსეთის უკანონო ქმედებებს, რომელიც მიმართულია ქვეყნის ოკუპაციისკენ 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრთან, სერ ალან დუნკანთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლის შემდეგაც გრძელდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა.

„რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით განაგრძობს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს განუყოფელი რეგიონების ე. წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების ხელშეწყობის მცდელობებს. ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის მიმართ გაძლიერებულია ეთნიკურ დისკრიმინაცია, საოკუპაციო ხაზზე ხდება მავთულხლართების აღმართვა, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევები. ვისაუბრეთ გუშინ დაწყებულ მავთულხლართების და ე.წ ბორდერიზაციის პროცესზე, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია. საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს პოზიციას აბსოლუტურად იზიარებს და კატეგორიულად გმობს იმ უკანონო ქმედებებს, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის შემდგომი ოკუპაციის და ფაქტობრივი ანექსიისკენ. ხაზი გავუსვით ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროებას, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულებას”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო რუსეთის მიერ დესტრუქციულ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამშვიდობო ფორმატს.

„საქართველოს მთავრობა ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას, აქტიურად აგრძელებს ჩართულობისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკის გატარებას. ამასთან მიმართებაში მსურს, მადლიერებით ავღნიშნო დიდი ბრიტანეთის ჩართულობა და მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებს. უორდროპის სტრატეგიული დიალოგი საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობების მთავარი პლატფორმაა. მსურს, მადლობა გადავუხადო დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას და პირადად, სერ ალან დუნკანს, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ქართულ-ბრიტანულ ურთიერთობებში პრიორიტეტულია, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება.

„2018 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, გაერთიანებული სამეფო ქვეყნის მე-2 ინვესტორია. ჩვენ ასევე ვხედავთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების სერიოზულ პოტენციალს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.