დავით ზალკალიანი - ხშირად გვესმის რუსეთის მაღალი თანამდებობის პირთა გზავნილები ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით, თუმცა ეს, პირველ რიგში, უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას
დავით ზალკალიანი - ხშირად გვესმის რუსეთის მაღალი თანამდებობის პირთა გზავნილები ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით, თუმცა ეს, პირველ რიგში, უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას

ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის რუსეთის მაღალი თანამდებობის პირთა გზავნილები საქართველოს მიმართ სიყვარულისა და ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით, თუმცა ეს, პირველ რიგში, უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართლის ნორმების ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

აღნიშნული კომენტარით ის გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საქართველოს თუ სურს რუსეთთან, როგორც მეზობელთან, ნორმალური ცხოვრება, მოსკოვი მზად არის ურთიერთობების აღსადგენად“.

ზალკალიანის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების წინააღმდეგი არ არის, თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს კონსტრუქციულ პოზიციებს რუსეთის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყოლია.

„ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის რუსეთის მაღალი თანამდებობის პირთა მსგავსი განცხადებები, გზავნილები საქართველოს მიმართ სიყვარულისა და ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით, თუმცა ეს, პირველ რიგში, უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართლის ნორმების ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან.

არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ურთიერთობების ნორმალიზების წინააღმდეგი არ ვართ. ეს რომ ასეა, 2012 წლიდან ამჟამინდელმა ხელისუფლებამ არაერთი პოზიტიური გზავნილი გააგზავნა, იგივე დეესკალაციასთან მიმართებაში, თუნდაც კარასინ-აბაშიძის ფორმატის დაფუძნებით და იგივე ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში ჩვენი უაღრესად კონსტრუქციული პოზიციები მინდა გავიხსენო, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას რუსეთის ფედერაციიდან საპასუხო, შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყოლია, ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით ისეთ სირთულეებს და უპატივცემულობას, რაც არის დაკავშირებული ე.წ. ბორდერიზაციის პროცესთან, მავთულხლართების გავლებასთან, ადამიანების უკანონო გატაცებასთან, ე.წ. გამშვები პუნქტების მუდმივ ბლოკირებასთან და ა.შ. ჩვენ ჩვენს პოზიციებში თანმიმდევრულები ვართ და ჩვენი დეკლარაციები, განცხადებები ჩვენი კონკრეტული ქმედებებით არის გამყარებული, რასაც, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ვერ ვხედავთ. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ურთიერთობების ნორმალიზაციის მზაობა, მაგრამ პოლიტიკური ნორმალიზაციის პროცესი გადის იმ მნიშვნელოვან წითელ ხაზზე, რაც დეოკუპაციასთან არის დაკავშირებული. გადადგან მათაც ნაბიჯები დეოკუპაციის მიმართულებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებთ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე, რაზეც საუბრობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერ ვისაუბრებთ იმ პირობებში, როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამი საელჩოა. რუსეთის ფედერაციამ, პირველ რიგში, პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს პოლიტიკური მოწესრიგების პროცესს“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს დავით ზალკალიანმა.