დავით ზალკალიანი - რთული საკითხებია განსახილველად, რაც მოლაპარაკებებზე არა წინაპირობებით მისვლას, არამედ კომპრომისის ძიებას მოითხოვს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მედიატორის ჩართულობით პირველივე შეხვედრაზე ვერ დასრულდებოდა, რადგან განსახილველად რთული და კომპლექსური საკითხებია წარმოდგენილი.
მისივე თქმით, ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს ფარგლებში ხელისუფლების მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, მართლმსაჯულების, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით რეფორმები გაგრძელდეს.
„პირველი რაუნდი დასრულდა. მაშინვე ვამბობდი, რომ ეს არ დასრულდება პირველივე შეხვედრის დროს, კომპლექსური საკითხებია, რთული თემებია განსახილველად, მოითხოვს არა წინაპირობებით, დათქმებით მისვლას მოლაპარაკებებზე, არამედ შეთანხმებისკენ გადასადგმელი ნაბიჯების და კომპრომისის ძიებას.
მგონია, საერთაშორისო საზოგადოებამ და ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იხილეს ის წინადადებები, რომლებიც ხელისუფლებას ჰქონდა. ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ ის რეკომენდაციები, ვთქვათ, რაც იყო დაკავშირებული საარჩევნო რეფორმასთან, როგორც კომპრომისული ნაბიჯი, უკვე გადადგმულია და შემუშავებულია შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივია, რომელიც ინიცირებულია პარლამენტში. მასში არის კორპორირებული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გვქონდა ეუთო/ოდირის მხრიდან. არის უაღრესად მისასალმებელი, წინგადადგმული ნაბიჯი. უფრო მეტიც, დაინიცირებულია ახალი ინიციატივა, რომ არჩევნებზე დაიწიოს ბარიერმა 5-დან 3%-მდე.
ჩვენი მხრიდან ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს ფარგლებში გაჟღერდა მზაობა, რომ ხელისუფლებამ გააგრძელოს ნაბიჯები მართლმსაჯულების, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. განხორციელდა ოთხი ტალღა, მაგრამ ჩვენ კიდევ მზად ვართ, რომ გამჭვირვალობასთან, ამ ყოვლისმომცველ რეფორმასთან დაკავშრიებით შემდგომი ნაბიჯები იყოს გადადგმული. გაცხადებულია ასევე მზაობა, რომ თუკი ოპოზიციური პარტიები შემოვლენ პარლამენტში, არის მზაობა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, თვითონ ოპოზიციური პარტიები იყვნენ წამყვანი და ერთპროცენტიანი გადაცდომის შემთხვევაში, არის მზაობა, რომ დაინიშნოს ადრეული არჩევნები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
რაც შეეხება მელიას საქმეს, როგორც ზალკალიანმა განაცხადა, ხელისუფლების პოზიციაა, რომ ნიკა მელია გირაოს გადახდისთანავე საპატიმროდან გათავისუფლდეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაკავებასთან დაკავშირებით პოზიცია არის ცალსახა. არაერთხელ იქნა დაფიქსირებული მზაობა ხელისუფლების მხრიდან, რომ ნებისმიერ მომენტში, როგორც კი იქნება გადახდილი გირაო, ის იქნება გათავისუფლებული. ესეც არის პოზიცია გამოხატული. ასე რომ, ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ხელისუფლების მხრიდან გადადგმული კომპრომისული ნაბიჯები აშკარაა, მაშინ, როდესაც ჩვენ მეორე მხრიდან გვესმის, რომ მათი მხრიდან კომპრომისი მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებაა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.