დავით ზალკალიანი - რიგის მინისტერიალზე დასწრება არის შესაძლებლობა, ვისაუბროთ ჩვენს მოლოდინზე 2022 წლის ნატო-ს სამიტისადმი
დავით ზალკალიანი - რიგის მინისტერიალზე დასწრება არის შესაძლებლობა, ვისაუბროთ ჩვენს მოლოდინზე 2022 წლის ნატო-ს სამიტისადმი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, დღეს რიგის მინისტერიალზე საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის, დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, ეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. როგორც დავით ზალკალიანი ამბობს, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა ნატო-ს სრული წევრი გახდეს.

„დღეს ჩრდილოატლანტიკული ალიანსის სხდომა გაიმართება, რომელშიც საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებიც მონაწილეობენ. ჩვენი დასწრება რიგის მინისტერიალზე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნისა. ეს აჩვენებს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, აღიარებული იყოს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა საქართველო ნატო-ს სრული წევრი გახდეს. ჩვენ ვთანამშრომლობთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთში. ჩვენ ერთად შევედით ავღანეთში და ნატო-სთან ერთად დავტოვეთ ეს ქვეყანა. საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ავღანეთიდან გამოსვლის პროცესშიც. როგორც ტრანზიტული ქვეყანა, ჩვენ დავეხმარეთ ნატო-ს მოკავშირეებს, მომხდარიყო ადამიანთა ევაკუაცია ავღანეთიდან. მჯერა, რომ რიგის სამიტზე დასწრება არის დიდი შესაძლებლობა, ვისაუბროთ ჩვენს მოლოდინზე 2022 წლის ნატო-ს სამიტისადმი. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მიერ ნატო-ს წევრობის გზაზე მიღწეული პროგრესი უნდა იყოს ასახული გადაწყვეტილებებში და დეკლარაციებში, როგორც დღევანდელ მინისტერიალზე, ისე 2022 წლის ნატო-ს სამიტზეც“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.