დავით ზალკალიანი - ქართველი სამხედროები შეთანხმებული გრაფიკით და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით დატოვებენ ავღანეთს
დავით ზალკალიანი - ქართველი სამხედროები შეთანხმებული გრაფიკით და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით დატოვებენ ავღანეთს

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, ეტაპობრივად დაასრულოს ავღანეთის მისია და გამოიყვანოს საჯარისო შენაერთები ავღანეთის ტერიტორიიდან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია, ღირსეულად იტვირთოს კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა.

„საქართველო, რომელიც დღემდე აღნიშნული მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია და 860 სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი ავღანეთში, ბუნებრივია, თანხვედრაშია ჩვენი პარტნიორების გადაწყვეტილებასთან და ქართველი სამხედროებიც შეთანხმებული გრაფიკით და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით დატოვებენ ავღანეთს.

მადლობელი ვარ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის, რომელმაც გუშინ, საჭიროდ ჩათვალა, პირადად შეეტყობინებინა ჩემთვის ალიანსის გადაწყვეტილების შესახებ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რაოდენ აფასებს ამერიკის შეერთებული შტატები და ალიანსი საქართველოს წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში.

სახელმწიფო მდივანმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს გაწეული ძალისხმევისა და მსხვერპლისთვის, რომელიც მათ გაიღეს მსოფლიო მშვიდობისთვის.

მართლაც, საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია, ღირსეულად ვიტვირთოთ კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა.

ჩემის მხრივ, მადლობას ვუხდი ქართველ სამხედროებს, ვინც მსახურობდა ავღანეთში, ასევე, ქედს ვიხრი იმ გმირი სამხედროების ხსოვნის წინაშე, ვინც თავი შესწირა მშვიდობას და უსაფრთხოებას.

საქართველო კი, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, პარტნიორებთან ერთად ყოველთვის შეიტანს საკუთარ წვლილს ავღანეთის შემდგომი მშვიდობიანი განვითარებისთვის“, – აცხადებს ზალკალიანი.

ავღანეთიდან აშშ-სთან ერთად ნატო-ს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცების საბოლოო გამოსვლის პროცესი პირველ მაისს დაიწყება და  11 სექტემბრისთვის დასრულდება.