დავით ზალკალიანი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ყველა მნიშვნელოვანი ნაწილი პირნათლად შესრულებულია
დავით ზალკალიანი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ყველა მნიშვნელოვანი ნაწილი პირნათლად შესრულებულია

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ყველა მნიშვნელოვანი ნაწილი პირნათლად შესრულებულია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, 19 აპრილის შეთანხმება პირველ რიგში გამიზნული იყო, რომ ქვეყანა მაშინ არსებული ხელოვნური კრიზისიდან გამოსულიყო, პროცესები წასულიყო დეპოლარიზაციისკენ.

„მთავარი მიზანი ამ შეთანხმების იყო, რომ აღდგენილიყო პარლამენტის ნორმალური მუშაობა და ყველა იმ ძირითადი მიმართულებით, რომელზეც მოხდა შეთანხმება. ეს ყველაფერი ყოფილიყო იმის საფუძველი, რომ ქვეყანაში განმუხტულიყო ვითარება, გადასულიყო ყველაფერი ცივილიზებულ ჩარჩოებში და პროცესები წასულიყო დემოკრატიული გზით“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც შეთანხმება შედგა, ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ამ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ყველა მნიშვნელოვანი ნაწილი პირნათლად შესრულებულია. თუნდაც იგივე საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ეს მხოლოდ ჩემი სიტყვები არ არის, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არის პოზიტიური შეფასებები. ასევე, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული კრიმინალური ელემენტების განთავისუფლების კითხითაც, ამ თვალსაზრისით შეთანხმების პირობები აბსოლუტურად დაცულია. რაც შეეხება სასამართლო მართლმსაჯულების რეფორმას, ამ თვალსაზრისითაც ხელისუფლებამ განახორციელა მართლმსაჯულების ოთხი ტალღა და შედარება არ არის თუნდაც იმ მემკვიდრეობასთან, რა მემკვიდრეობაც ჩვენ მივიღეთ 2012 წელს. იყო იქ გარკვეული შენიშვნები აღქმებთან დაკავშირებით როგორ სრულდება, თუმცა სამართლებრივი თვალსაზრისით შემიძლია გითხრათ, რომ ყველა რეკომენდაცია არის აბსოლუტურად გათვალისწინებული.

სხვა საკითხია, როგორი პოლიტიკური აღქმა იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან შეთანხმების ამ ნაწილთან მიმართებაში. იგივე ვთქვათ ხელისუფლების განაწილების თვალსაზრისით, აქაც სრული მზაობა იყო ხელისუფლების მხრიდან და პარლამენტში პროცესები დაწყებულია. ერთ-ერთ კომიტეტში ოპოზიციის წარმომადგენელიც იყო არჩეული ხელმძღვანელ თანამდებობაზე და ამაზეც არის მზაობა ხელისუფლების მხრიდან, არაერთხელ იყო ეს საჯაროდ გაცხადებული.

იგივე 43% ხომ?! რას ემსახურებოდა ეს 43%. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პრეცედენტს, ვერც ერთ ქვეყანას, სადაც არის ადგილობრივ არჩევნებთან მიბმული მომავალი საპალრამენტო არჩევნები. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, დაშვებული იყო ამის შესაძლებლობა ხელისუფლების მხრიდან, როგორც კეთილი ნება ვითარების განმუხტვის კუთხით. რომ ვნახოთ რა სურათია, იმ 115 დეპუტატიდან, 85 ხელისუფლების წარმომადგენლის ხელმოწერა არის და აკლია ამ შეთანხმებას ოთხი ოპოზიციური პარტიის ხელმოწერა, მათ შორის ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ხელმოწერა.

შეთანხმება ხომ მაშინ არის ვალიდური, როდესაც მასზე ყველა თანხმდება და მასზე არის ყველას ხელმოწერა. ჩვენ კი აბსოლუტურად საწინააღმდეგო სურათი გვქონდა და 100 დღის განმავლობაში პატიოსნად ველოდებოდით, რომ ოპონენტები შეუერთდებოდნენ, რაც არ მოხდა.

რაც შეეხება 43%-თან დაკავშირებით, ესეც იყო როგორც კეთილი ნება სიტუაციის დეესკალაციის და დეპოლარიზაციის მიმართულებით, რაც სამწუხაროდ არ მოხდა. ჩვენ პირიქით, დავინახეთ, იმის მაგივრად, რომ ოპონენტები გადასულიყვნენ კონსტრუქციულ რეჟიმში, შემოსულიყვნენ პარლამენტში და პარლამენტის ნორმალური მუშაობისთვის შეეწყოთ ხელი, რათა შემდგომი რეფორმები, თუნდაც საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც მათი სურვილია, განხორციელდეს, მაგრამ არ იღებენ ისინი მონაწილეობას ნორმალურ საპარლამენტო საქმიანობაში. პირიქით, იყენებდნენ ამას ვითარების ასარევად, ქვეყნის ნორმალური რელსებიდან, დესტაბილიზაციისკენ გადასახვევად და 43%-იც სწორედ ამ თვალსაზრისით ჰქონდათ მათ გათვალისწინებული“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ არ მისცა მათ საშუალება, რომ გამოიყენონ ეს უაღრესად მნიშვნელოვანი შეთანხმება მათი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის და იმისთვის, რომ აურიონ ქვეყანაში ვითარება.

„ჩვენ ხომ დავინახეთ, რომ მათი ყველა ნაბიჯი იყო თანმიმდევრულად მიმართული იქეთკენ, რომ დეესკალაციის მაგივრად, მიგვეღო ესკალაცია და ადგილობრივი არჩევნები გამოეყენებინათ, რათა შემდგომ, იგივე ქუჩის და სხვა არამართლზომიერი ქმედებით განეგრძოთ თავიანთი საქმიანობა“, – აღნიშნა მინისტრმა.

როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, ხელისუფლების გადადგომა და ხელისუფლებაში მოსვლა, არ არის გადასაწყვეტი ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან მათთან დაახლოებული მედია საშუალების, ეს არის ქართველი ხალხის ნება.

„ქართველმა ხალმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ არა. ამიტომ, ყველამ კეთილი ინებოს, მოემზადონ იმისთვის, რომ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე პირობას იძლევა ხელისუფლება, რომ ჩაატარებს გამჭირვალედ, სტანდარტებთან შესაბამისობაში, როგორიცაა ეუთო-ს, ოდირის სტანდარტები და ისე, როგორც იყო ყველა არჩევნები 2012 წლიდან მოყოლებული, რომელმაც მიიღო საერთაშორისო აღიარება და ლეგიტიმაცია, ასევე მიიღებს ამ არჩევნებზეც ლეგიტიმაციას ადგილობრივი არჩევნები. ყველა მოემზადოს და მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა და ხალხს დაანახოს თავისი პროგრამებით, თავისი ხედვით, როგორ წარმოუდგენიათ ქვეყნის ნორმალური განვითარება და არა, არაცივილიზებული მეთოდებით და რევოლუციით. ჩვენ არ გვაქვს მაგის ფუფუნება, რომ ქვეყანა შევიყვანოთ მუდმივ კრიზისებში. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩვენი რესურსი ვხარჯოთ ასეთ საკითხებზე, როდესაც ასეთი სერიოზული საგარეო გამოწვევები არსებობს, რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური სიტუაცია, კოვიდთან არსებული გამოწვევები, იგივე ეკონომიკასთან არსებული გამოწვევები. ჩვენ, როგორც მთავრობა, უნდა ვიყოთ კონცენტრირებული პოზიტიურ დღის წესრიგზე და ამ ამოცანების გადაწყვეტაზე, რათა ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების საშუალება და მათი კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ზალკალიანმა.