დავით ზალკალიანი - პრემიერ-მინისტრის ანგარიში იყო ყოვლისმომცველი, კონკრეტული და შედეგზე ორიენტირებული
დავით ზალკალიანი - პრემიერ-მინისტრის ანგარიში იყო ყოვლისმომცველი, კონკრეტული და შედეგზე ორიენტირებული

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში ყოვლისმომცველი, კონკრეტული და შედეგზე ორიენტირებული იყო.

„ანგარიში იყო ყოვლისმომცველი, კონკრეტული და შედეგზე ორიენტირებული. ძალიან დეტალურად იყო განხილული პრემიერ ღარიბაშვილის მთავრობის დანიშვნიდან დღემდე გაწეული საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა გახლავთ ის, რომ დღეს ჩვენ ვიმყოფებით პარლამენტში, რომელიც არის ფუნქციონალური, სადაც წარმოდგენილია ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც გადალახა ბარიერი.  პრემიერ ღარიბაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტი სრულფასოვნად ფუნქციონირებს. ეს ასევე არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამსახურება, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროცესში. უნდა აღინიშნოს, რომ სრულფასოვანი პარლამენტის ფუნქციონირება არის მნიშვნელოვანი მონაპოვარი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებთან თავსებადობაში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ყურადღება გაამახვილა  ქვეყნის მიერ საგარეო მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე.

„მინდა, ასევე ავღნიშნო ის ძალიან მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები, რომელზეც ისაუბრა პრემიერმა საგარეო პოლიტიკური კუთხით. უპრეცენდენტოდ მაღალი აქტივობა გვქონდა ბოლო თვეების განმავლობაში. ეს დადასტურებული და თარგმნილია პრაქტიკულ განზომილებაში. თუნდაც ნატო-ს ბოლო სამიტის გადაწყვეტილებები, სადაც საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ასევე ევროკავშირ-აშშ-ის სამიტის გადაწყვეტილებები და დეკლარაცია, სადაც ასევე არის საქართველოზე საუბარი. ასევე, მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვიზიტები, რომლებშიც უშუალოდ პრემიერის მონაწილეობდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი მედიაციით განხორციელებული მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვნად უსვამს ხაზს საქართველოს ადგილს და როლს რეგიონში, ჩვენს მიმზიდველობას. ვფიქრობ, ჩვენ ეს ყველაფერი წინ დაგვხვდება ჩვენს მომავალ ურთიერთობებში, რეგიონის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების კუთხით“, – განაცხადა ზალკალიანმა.