დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას შეხვდა
დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუსთან, როგორც ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარესთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეუთო-ს თავმჯდომარეობის პერიოდში სამომავლო თანამშრომლობას, ამ კონტექსტში კი რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.

„მინისტრმა პოლონელ კოლეგასთან საუბრისას ხაზი გაუსვა ეუთო-ში პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას, ასევე, ხაზი გაუსვა ეუთო-ს მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში და გამოთქვა მზადყოფნა, რომ ეუთო-ს თავმჯდომარეობის პერიოდში, აქტიურად ითანამშრომლოს პოლონეთთან ორგანიზაციის ფარგლებში არსებულ საკითხებზე. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს აქტიური ჩართულობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პოლონელ კოლეგას წარმატებები უსურვა მის მომავალ საქმიანობაში და ეუთო-ს თავმჯდომარის რანგში საქართველოში მიიწვია“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.