დავით ზალკალიანი - პირველად მოხდა, რომ საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე გახდა
დავით ზალკალიანი - პირველად მოხდა, რომ საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე გახდა

მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში პარტნიორ სახელმწიფოებს მხარდაჭერისთვის, ბევრ ჩემს კოლეგას, ვინც პირადი საუბრებისას მიდასტურებდნენ მხარდაჭერას, ასევე საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს, რომელთაც დიდი სამუშაო გასწიეს ამ შედეგისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.

დავით ზალკალიანი გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ არჩევას ეხმაურება.

„2020 წლის 18 დეკემბერს, რომის სტატუტის წევრ სახელმწიფოთა ასამბლეის მე-19 სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში გამართულ არჩევნებში, საქართველოს კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლედ იქნა არჩეული, 2021-2030 წლების ვადით.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე გახდა.

მოსამართლის ექვსი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, საქართველოსთან ერთად 17 კანდიდატი იყო წარდგენილი სხვადასხვა რეგიონიდან: ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, ბურკინა-ფასო, კოლუმბია, კონგოს რესპუბლიკა, კოსტა-რიკა, ეკვადორი, საბერძნეთი, მექსიკა, მონღოლეთი, ნიგერია, სიერა-ლეონე, ტრინიდადი და ტობაგო, ტუნისი, გაერთიანებული სამეფო და ურუგვაი.

მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში პარტნიორ სახელმწიფოებს მხარდაჭესრითვის, ბევრ ჩემს კოლეგას, ვინც პირადი საუბრებისას მიდასტურებდნენ მხარდაჭერას, ასევე საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს, რომელთაც დიდი სამუშაო გასწიეს ამ შედეგისთვის.

18 დეკემბერს არჩევნების მხოლოდ ორი რაუნდი გაიმართა, რომლის შედეგადაც არჩეული იქნა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს კანდიდატები.

არჩევნები განახლდება 21 დეკემბერს, დარჩენილი ოთხი მოსამართლის ასარჩევად.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პირველი მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალია, რომელიც ფიზიკური პირების ინდივიდუალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განხილავს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ოთხი ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის: გენოციდი, ომის დანაშაულები, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და აგრესიის დანაშაული. სასამართლო 1998 წლის რომის სტატუტის საფუძველზე შეიქმნა, რომელიც ძალაში 2002 წელს შევიდა. 2020 წლის მდგომარეობით, რომის სტატუტი 123 სახელმწიფოს მიერ არის რატიფიცირებული.

საქართველო რომის სტატუტს 2003 წლის 5 სექტემბერს შეუერთდა“, – წერს დავით ზალკალიანი.