დავით ზალკალიანი - ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს ჩვენს ძმებსა და დებს უნდა დავანახოთ, შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც მათ ეძლევათ ერთიან სახელმწიფოში ყოფნით
დავით ზალკალიანი - ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს ჩვენს ძმებსა და დებს უნდა დავანახოთ, შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც მათ ეძლევათ ერთიან სახელმწიფოში ყოფნით

ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გვინდა, კოორდინირებული საქმიანობა, რათა ის დახმარებები და საერთაშორისო პროგრამები, რომელიც მიმართულია აფხაზ და ოს საზოგადოებასთან ნდობის აღდგენაზე, იყოს სწორად მიწოდებული, რომ ჩვენმა დებმა და ძმებმა ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს, ზუსტად გაიგონ, რა გვსურს ჩვენ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

მისი თქმით, აფხაზ და ოს საზოგადოებას „უნდა დავანახოთ, რა არის ჩვენი უპირატესობა“.

„ჩვენ მათ ვთავაზობთ შესაძლებლობას, ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, რომელიც არის დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე, ქვეყანაში, რომელიც არის დაფუძნებული ეროვნული უმცირესობების პატივისცემის პრინციპებზე, ქვეყანაზე, რომელიც მიისწრაფის ევროკავშირისკენ, ქვეყანაში, სადაც არის დაუნდობელი ბრძოლა გამოცხადებული კორუფციაზე და ყველა იმ მავნებელ მიმართულებაზე, რაც არის დამახასიათებელი იმ ბევრი რეჟიმისთვის, საითკენაც მათ აქვთ ლტოლვა. ჩვენ უნდა დავანახოთ მათ, რა არის ჩვენი უპირატესობა. ეს არის ჩვენი უპირატესობა და ამაში სწორედ გვეხმარება ჩვენი სვლა ევროპისკენ, ევროკავშირი გვაძლევს ამის შესაძლებლობას“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება ერთი და ორი წლის პერსპექტივა არ არის, მაგრამ პროცესია მნიშვნელოვანია პროცესი, რომელიც საქართველოს ეხმარება სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებაში.

„ეს პროცესი გვეხმარება ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებაში, დემოკრატიის განმტკიცებაში, ამ ნდობის დამყარებაში, ჩვენი ეკონომიკის ჰარმონიზაციაში, ჩვენი ეკონომიკის ჰარმონიზაციაში, ჩვენი პოლიტიკის ჰარმონიზაციაში ევროკავშირთან, ჩვენს საბაზრო ეკონომიკაზე, ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული პრინციპების განვითარებაში. სწორედ ეს უნდა დავანახოთ, შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც მათ ეძლევათ ჩვენთან ყოფნით, ამ ერთიან სახელმწიფოში ყოფნით და მეორე მხარეს რა არჩევანი არის. ამიტომ ეს მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება პარალელურად იმ მობილიზაციისა და იმ კონცენტრაციისა, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვახდენთ ყველა საერთაშორისო ფორმატში და ძირითადი მიმართულებები ამ თვალსაზრისით გაგრძელდება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

დატოვე კომენტარი