საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან ნიკუ პოპესკუსთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს მოლდოვა-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობას.
მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული კონფლიქტები და უსაფრთხოების გარემო. დავით ზალკალიანმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო განვითარების შესახებ. აღინიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებები ხელს არ უწყობს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას და ართულებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოსა და მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას.
ამასთანავე, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მხარეებმა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით ეფექტურად უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა და ფორმატები შემდგომი სტაბილურობის მიზნით.
მინისტრები მიესალმნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოსა და მოლდოვას აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას და მზადყოფნა გამოთქვეს მომავალშიც ითანამშრომლონ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისთვის.