დავით ზალკალიანი - ნატო-სგან ველოდებით მხარდამჭერ განცხადებებს და იმ პროგრესის აღიარებას, რომელიც საქართველოს აქვს, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ ასპირანტ ქვეყანას
დავით ზალკალიანი - ნატო-სგან ველოდებით მხარდამჭერ განცხადებებს და იმ პროგრესის აღიარებას, რომელიც საქართველოს აქვს, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ ასპირანტ ქვეყანას

ნატო-სგან ველოდებით მხარდამჭერ განცხადებებს და იმ პროგრესის აღიარებას, რომელიც საქართველოს აქვს, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ ასპირანტ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან ასევე მოელის იმ პრაქტიკული ინსტრუმენტების კიდევ ერთხელ აღიარებას, რომელსაც საქართველო ახორციელებს ნატო-ს საბოლოო წევრობისთვის.

„ასევე ველოდებით იმ პრაქტიკული ინსტრუმენტების კიდევ ერთხელ აღიარებას, რომელსაც საქართველო ახორციელებს საბოლოო წევრობისთვის. ველოდებით ასევე ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში ასევე ძალიან მკაფიო განცხადებებს. ველოდებით იმას, რომ ჩვენს ნატოელ პარტნიორებს ვუთხრათ, რას აკეთებს ქვეყანა რეგიონში და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, როგორც ნატო-ს დასაყრდენისა და საიმედო პარტნიორის ფუნქციას, როგორ ახორციელებს და ბუნებრივია, ველოდებით იმას, რომ მათი მხრიდანაც არის მზაობა, რომ ეს პროგრესი იყოს შესაბამისად ასახული უახლოეს ღონისძიებებში, მაღალი დონის შეხვედრებში, რომელიც არის დაგეგმილი წელს და მომავალ წელს. წლევანდელი წელი იქნება ერთგვარი მოსამზადებელი, მომავალი წლის დიდი სამიტისთვის“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, საქართველო თანმიმდევრულად მიიწევს წინ ნატო-ს წევრობისკენ.

„ამიტომ, ჩვენ თანმიმდევრულად მივიწევთ წინ, წევრობისკენ. ნატო-ს გენერალური მდივნის ანგარიში, სადაც არის ძალიან პოზიტიური შეფასებები საქართველოსთან მიმართებაში, ესეც იმედისმომცემია და მიმყარებს იმის საფუძველს, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები გვექნება, როგორც წელს, ისე 2022 წელს ნატო-ს სამიტისთვის, ასევე ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში და ასევე ჩვენი უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით“, – განაცხადა ზალკალიანმა.