დავით ზალკალიანი ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, როზ გოტმიულერს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, როზ გოტმიულერს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს ურთიერთობის აქტიურ დღის წესრიგზე, რაც მხარეების შეფასებით, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელოვან ადგილს ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში და ასევე, ნატო-ს საგარეო საქმეთა საიუბილეო მინისტერიალის კონტექსტშიც უნდა იყოს განხილული. მინისტერიალი 4 აპრილს ვაშინგტონში გაიმართება.
ამასთან, საგარეო უწყების ცნობით, კიდევ ერთხელ აღინიშნა ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტის მნიშვნელობა საქართველოში და ვიზიტის დროს გაკეთებული გზავნილები. ასევე მაღალი შეფასება მიეცა ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებს, როგორც ალიანსის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მორიგ გამოხატულებასა და ნატო-საქართველოს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითს. აღინიშნა, რომ სწავლებები ხელს უწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და მათ დაახლოებას ნატო-ს სტანდარტებთან.
შეხვედრაზე მხარეები საქართველოში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის რიგით მესამე ვიზიტს მიესალმნენ, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. საგარეო უწყების შეფასებით, ვიზიტი ალიანსთან საქართველოს მზარდი და წარმატებული თანამშრომლობის ძლიერი დასტურია.
„ხაზი გაესვა ბრიუსელში მიმდინარე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, რომელიც შავი ზღვის საკითხებს ეძღვნება და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს. აღინიშნა, რომ როგორც მაღალი დონის ვიზიტები, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე სწავლებები და თანამშრომლობის სხვა მექანიზმები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ხელშეწყობას ემსახურება“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.