დავით ზალკალიანი - ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი კიდევ ერთი ძლიერი გზავნილია, რომ საქართველო მუდმივად არის ამ ორგანიზაციის პრიორიტეტულ საკითხებს შორის
დავით ზალკალიანი - ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი კიდევ ერთი ძლიერი გზავნილია, რომ საქართველო მუდმივად არის ამ ორგანიზაციის პრიორიტეტულ საკითხებს შორის

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთი დასტური და ძლიერი გზავნილია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ საქართველო მუდმივად არის ამ საერთაშორისო ორგანიზაციის პრიორიტეტულ საკითხებს შორის, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„ეს არის კიდევ ერთი პასუხი ჩვენი ოპონენტების კრიტიკაზე, რომ საქართველო გამქრალია რადარებიდან, რომ უმაღლესი დონის შეხვედრებზე საქართველოს შესახებ საუბარი არ მიდის და ასე შემდეგ. გუშინ, როდესაც სტოლტენბერგმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, თქვა, რომ საქართველოს საკითხი ბაიდენთან ვაშინგტონში შეხვედრის დროს განიხილა. ეს არის კიდევ ერთი პასუხი იმ სკეპტიკოსების და ადამიანების მიმართ, რომლებსაც ჩვენი საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ და იმ ნარატივის განვითარებისთვის, რომ საქართველომ ევრო-ატლანტიკურ გზას გადაუხვია, საზოგადოებას მცდარ ნარატივებს ეუბნებიან, რომ საქართველო გამქრალია რადარებიდან. აბა, სად არის გამქრალი? სამი დღეა, სტოლტენბერგი საქართველოზე საუბრობს. ამბობს, რომ დეკემბრის სამიტზე აუცილებლად იქნება განხილვა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ამ განცხადებით დავით ზალკალიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რას შეიძლება, ელოდოს საქართველო ნატო-ს მომავალი სამიტიდან.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მთავარია, ქვეყნის პარტნიორებმა იციან, რომ საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც წევრი ქვეყანა.

„ჩვენ ეს გზავნილი მიღებული გვაქვს. ეს დადასტურებულია ფაქტებით, იმ პრაქტიკული ინსტრუმენტებით, რომლებიც ჩვენ გვაქვს. მართალია, მაპი არ გვაქვს, გვაქვს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, რომლის კრიტერიუმები აბსოლუტურად იდენტურია მაპის. საქართველო იყო ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ავღანეთის გლობალურ მისიაში და ნახეთ, როგორც ერთად შევედით, ისე ერთად გამოვედით და გამოსვლის პროცესშიც როგორ იყო საქართველო ჩართული; კიდევ როგორ არის ჩართული, როგორც სამხედრო კომპონენტის გამოყვანის ამბავში რეგიონალურ ჰაბად ვიქეცით, ისე ჰუმანიტარული მისიის დროს როგორ ვიყავით ჩართული ჩვენ პარტნიორებთან და რამდენი სამადლობელი წერილი და გამოხმაურება ვპოვეთ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, იმან, რაც სტოლტენბერგმა თქვა, რომ ჯერ ვერ იტყვის, საქართველოს ნატო-ში როდის მიიღებენ, არ უნდა შეგვაშინოს და მოგვადუნოს.

„პირიქით, უნდა გავაგრძელოთ ყველა ის მცდელობა, რასაც აქამდე ვაკეთებდით და კიდევ გაორმაგებული ნაბიჯებით, იმისთვის, რომ ქვეყანა მზად იყოს იმ მომენტისთვის, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მომწიფდება და საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით ნატო-ში კონსენსუსი იქნება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, როდესაც საქართველოს ბალტიისპირელი მეგობრები ნატო-ში გაწევრიანებას ითხოვდნენ, მათ ეუბნებოდნენ, რომ უნდა დალოდებოდნენ და რეფორმები უნდა გაეგრძელებინათ, მაგრამ გეოპოლიტიკური სიტუაცია და პროცესები ისე სწრაფად განვითარდა, რომ ისინი სწრაფად მოხვდნენ ნატო-ში.

„ასე იყო 2001 წელს, როდესაც ჩვენი ბალტიისპირელი მეგობრები ნატო-ში გაწევრიანებას ითხოვდნენ, მაგრამ მათ ეუბნებოდნენ, არ ვიცით, როდის იქნება, უნდა დაელოდოთ, გააგრძელოთ რეფორმები და ა.შ, მაგრამ გეოპოლიტიკური სიტუაცია და პროცესები ისე სწრაფად განვითარდა, რომ ისინი მერე სწრაფად მოხვდნენ ნატო-ში. იმედი მაქვს, ჩვენთან დაკავშირებითაც ასეთი დასასრული იქნება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.