დავით ზალკალიანი - ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ნატო-ს დღის წესრიგში
დავით ზალკალიანი - ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ნატო-ს დღის წესრიგში

საქართველოსთან და უკრაინასთან ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა, რომელიც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება ადასტურებს, რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში”- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიპყრობილია შავი ზღვის რეგიონისადმი და ბუნებრივია, მასზე განხილული იქნება რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ მინისტერიალზე პირველად, ისევე როგორც სამიტის დროს, გაიმართება ცალკე შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან. შეხვედრა კონცენტრირებული იქნება რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტზე. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი ნატო-ს წინა სამიტზე, სადაც საქართველომ უკრაინასთან ერთად უპრეცედენტო ფორმატში მიიღო მონაწილეობა და ასევე მიღებულ იქნა დეკლარაცია განსაკუთრებით პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით შავ ზღვაზე. გვექნება საუბარი როგორ უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილებების პრაქტიკულ განზომილებაში თარგმნა”- განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, შავ ზღვაზე თანამშრომლობის კუთხით ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე უკვე იქნა განსაზღვრული რამდენიმე კონკრეტული მიმართულება და მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გააქტიურება.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილავენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხთა სრულ სპექტრს.

„ხელშესახები შედეგები გვაქვს პრაქტიკული ინსტრუმენტების განხორციელების თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ ეს ასევე ითარგმნოს პოლიტიკურ განზომილებაში და წევრობის პერსპექტივაში”- განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ნატოელი პარტნიორების ყურადღება მიპყრობილი იქნება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიუსელში იმყოფება, სადაც 4-5 დეკემბერს გაიმართება ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი.

აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან.