დავით ზალკალიანი - ნატო-ს დეკლარაციაში პირველად გაკეთდა ჩანაწერი, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე მასპინძელი ქვეყნის ნებართვის გარეშე იმყოფება
დავით ზალკალიანი - ნატო-ს დეკლარაციაში პირველად გაკეთდა ჩანაწერი, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე მასპინძელი ქვეყნის ნებართვის გარეშე იმყოფება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატო-ს სამიტის ბოლოს მიღებული ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში ნატო პირდაპირ მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე მასპინძელი ქვეყნის ნებართვის გარეშე.

ზალკალიანის თქმით, ნატო-ს დეკლარაციაში პირველად გაკეთდა ჩანაწერი, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე მასპინძელი ქვეყნის ნებართვის გარეშე იმყოფება

„გამოქვეყნდა კომუნიკე, სადაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი საქართველოზე. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნატო პირდაპირ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე მასპინძელი ქვეყნის ნებართვის გარეშე.

მსგავსი სახის ჩანაწერი პირველად ხდება, როდესაც არის მითითება მასპინძელი ქვეყნის ნებართვაზე. ნატო მოუწოდებს რუსეთს, რომ მათ შეასრულონ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ეს ადასტურებს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ნატო-ს სამიტის ბოლოს 29 მოკავშირე ქვეყნის ლიდერებმა ბრიუსელის სამიტის დეკლარაცია მიიღეს. ტექსტში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები.

დეკლარაციის 65-ე მუხლში აღნიშნულია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ნატო ერთგულია ღია კარის პოლიტიკისა და საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი.