დავით ზალკალიანი - მუდმივ კონტაქტზე ვართ ევროპელ პარტნიორებთან, შარლ მიშელის კაბინეტთან, რათა ჰქონდეთ მკაფიო წარმოდგენა, რასთან გვაქვს საქმე, ჩვენი არგუმენტები მათთვის უკვე ცნობილია და დამატებითი კომუნიკაციაც იქნება
დავით ზალკალიანი - მუდმივ კონტაქტზე ვართ ევროპელ პარტნიორებთან, შარლ მიშელის კაბინეტთან, რათა ჰქონდეთ მკაფიო წარმოდგენა, რასთან გვაქვს საქმე, ჩვენი არგუმენტები მათთვის უკვე ცნობილია და დამატებითი კომუნიკაციაც იქნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპელ პარტნიორებთან, შარლ მიშელის კაბინეტთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან, რათა მათ ჰქონდეთ მკაფიო წარმოდგენა, თუ რატომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება.

ზალკალიანის თქმით, დასავლელი პარტნიორებისთვის „ქართული ოცნების“ არგუმენტები უკვე ცნობილია და დამატებითი კომუნიკაციაც შედგება.

დავით ზალკალიანი აღნიშნავს, რომ საქართველოს პოლიტიკური პრიორიტეტი არის სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატო-ში და „ქართული ოცნების“ გუშინდელი გადაწყვეტილება ქვეყნის საგარეო კურსზე გავლენას არ იქონიებს.

„ჩვენ ვართ აქტიური კომუნიკაციის რეჟიმში ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. მინდა, გითხრათ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში როგორც ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლები „ქართული ოცნებიდან“, ისე პირადად მე ვარ მუდმივ კონტაქტზე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, იგივე შარლ მიშელის კაბინეტთან, რათა მათ ჰქონდეთ მკაფიო წარმოდგენა, თუ რასთან გვაქვს საქმე და რატომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ეს გადაწყვეტილება.

ამიტომ, ჩვენი არგუმენტები მათთვის ამ დღეების განმავლობაში უკვე ცნობილია და დამატებითი კომუნიკაციაც იქნება, რომ კიდევ უფრო საფუძვლიანად გავაანალიზოთ, თუ რა სიტუაციაში ვართ, ეს არამც და არამც არ იქნება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შემცვლელი. მე ამას ხაზს ვუსვამ, რადგანაც ჩვენი საგარეო პოლიტიკის კურსს განსაზღვრავს ჩვენი ხალხი, რომელმაც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატო-ში, რაც შემდგომ იქნა რეალიზებული კონსტიტუციაში ამ დეფინიციის შეტანით, რომელიც არის რეალიზებული პარლამენტის შესაბამისი რეზოლუციებით, ასევე რეალიზებულია საგარეო პოლიტიკის სტრატეგიით. ეს იყო მთელი ამ წლების განმავლობაში არა მხოლოდ დეკლარირებული, არამედ საქმით დამტკიცებული, კონკრეტული ქმედებებით, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე საქმით, კონკრეტული ქმედებით დაადასტურა და ამის უამრავი ფაქტი არაებობს. იგივე ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, სავიზო ლიბერალიზაცია, ნატო-ში ჩვენი ინტეგრაცია და ჩვენი მონაწილეობა გლობალური უსაფრთხოების კოალიციაში, უამრავი სხვა, რაც შეუქცევადს ხდის ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. ჩვენ, რა თქმა უნდა ვერ უგულვებელვყოფთ ჩვენი ხალხის ამ არჩევანს, რადგანაც ეს არის ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხალხის ცივილიზაციური არჩევანი, როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გვერდზე გადადოს ჩვენი ხალხის არჩევანი და ქვეყანა სხვა მიმართულებით წაიყვანოს. არავითარ შემთხვევაში, ამის გარანტია არის საქართველოს ხელისუფლება. მე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია გახლავთ, რომ ის, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან არის მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკურ კურსთან მიმართებაში, იყოს აღმასრულებელ დონეზე თარგმნილი პრაქტიკულ განზომილებაში, მე ამას მთელი დიპლომატიური სამსახურით ვაკეთებ და მომავალშიც გავაკეთებ. ეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან“, – განუცხადა დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველ არხს.

შეგახსენებთ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

ამასთან, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დღეს განცხადება გაავრცელა.