დავით ზალკალიანი - მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ისრაელში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებთან, ამ ეტაპზე ევაკუაციის საკითხი არ დგას
დავით ზალკალიანი - მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ისრაელში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებთან, ამ ეტაპზე ევაკუაციის საკითხი არ დგას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ისრაელში მიმდინარე მოვლენები შემაშფოთებელია.

მისივე თქმით, ვითარებასთან დაკავშირებით  საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მკაფიო პოზიციაა დაფიქსირებული.

„შეშფოთებით ვადევნებთ თვალს იქ მიმდინარე პროცესებს და კონფლიქტის ესკალაციას. ვგმობთ სარაკეტო თავდასხმებს ისრაელში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობაზე. ეს პოზიცია ძალიან მკაფიოდ იყო გამოხატული საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის განცხადებაში. ჩვენი მხრიდან არის მოწოდება, რომ დაუყოვნებლივ იყოს გამონახული მოლაპარაკების საშუალება, რათა სიტუაცია წავიდეს დეესკალაციის მხრივ და საზოგადოებას, მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა, მშვიდობიანად გააგრძელოს ცხოვრება ისრაელის ტერიტორიაზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან ისრაელში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი არ დგას.

„ჩვენი თანამემამულეების ბედი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. საელჩო 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე არის გადასული, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს თანამოქალაქეებთან. გუშინ გაუწყეთ, რომ მცირე დაზიანება მიიღო ერთმა ჩვენმა მოქალაქემ, ძალიან უმნიშვნელო. მის ჯანმრთელობას საფრთხე უკვე არ ემუქრება, გაწერილია საავადმყოფოდან. მასთან მუდმივ კავშირზე არის ჩვენი საელჩო. ამ ეტაპზე ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი არ დგას. სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედებთ, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.