დავით ზალკალიანი - მშვიდობა, თანამშრომლობა, სტაბილურობა რეგიონში ხანგრძლივი და მდგრადი განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა და ქართულ-ამერიკული ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით ყოველწლიურ კონფერენციაზე „საქართველო და სამეზობლო“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროპულ უსაფრთხოებასა და, ამ თვალსაზრისით, შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანმა.
დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს ჩართულობაზე გაამახვილა. მისი თქმით, საქართველო ამერიკული ინვესტიციებისთვის კვლავ მიმზიდველ ადგილად რჩება. კერძოდ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) ახლახან ფოთის პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 50 მილიონი დოლარი გადმორიცხა.
„აშშ-ის კერძო სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებისა და შავი ზღვის ეკონომიკური პოტენციალის სრულად რეალიზების კუთხით“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს შავი ზღვის პორტები და მასშტაბური რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ყველაზე სწრაფი, კონკურენტუნარიანი მარშრუტის პოზიციას განამტკიცებს.
ზალკალიანის თქმით, საქართველო სწორედ ამიტომ მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატო-ს აქტიურ ჩართულობას და ძალისხმევას, რომელიც შავი ზღვის აუზში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებისკენაა მიმართული.
თავის გამოსვლაში, მინისტრმა რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცების უდიდეს მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და არის რეგიონული თანამშრომლობა, რომელიც ხანგრძლივი და მდგრადი განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
ზალკალიანის თქმით, აღნიშნულის საუკეთესო მაგალითად გამოდგება აზერბაიჯანულ-ქართულ-თურქული სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი.
„ჩვენ „სამხრეთ ენერგეტიკული დერეფნის პროექტის“ სრულად განხორციელების იდეის ერთგულნი ვართ. ჩვენს ქვეყნებს შორის უნიკალური რეგიონული სინერგია არსებობს: ერთი მხრივ, აზერბაიჯანის მხრიდან ენერგორესურსებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, მეორე მხრივ კი, საქართველოსა და თურქეთის სატრანზიტო პოტენციალი, ევროპული ბაზრებისთვის დამატებითი რესურსების მიწოდების უნიკალურ შესაძლებლობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, რეგიონული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია გასულ წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების მიერ ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტის მეორე ფაზის გახსნა, რომელიც ევროპული უსაფრთხოების ახალი ერის დასაწყისს აღნიშნავს და უზრუნველყოფს სამხრეთის გაზის დერეფნის სრული დატვირთვით ამოქმედებას. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სულ მალე დასრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალიც, რომელიც ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს საქართველოს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტებთან დააკავშირებს.