დავით ზალკალიანი - მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები ოკუპირებულ რეგიონებში, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
დავით ზალკალიანი - მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები ოკუპირებულ რეგიონებში, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

ჩვენ კვლავ ვხედავთ ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს საქართველოს რეგიონებში, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ისევე როგორც უკრაინაში, სადაც რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო კანონმდებლობის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით უკანონოდ მოახდინა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაცია და ანექსია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საოკუპაციო ძალის ასეთი დესტრუქციული ქმედებები აბრკოლებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, დაეხმაროს მოქალაქეებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გვერდი-გვერდ ცხოვრობენ.

ამასთან, როგორც ზალკალიანი ამბობს, პანდემიის მიუხედავად, საქართველო ყოველდღიურად არის რუსეთის გაძლიერებული ჰიბრდული ომის სამიზნე.

„ადამიანის უფლებათა საბჭო ყოველ წელს ამტკიცებს მნიშვნელოვან თემატურ და კონკრეტულ სახელმწიფოებზე გათვლილ რეზოლუციას, მათ შორის არის ყოველწლიური რეზოლუცია „საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ“, რომელიც ფოკუსირებულია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. სამწუხაროდ, მიუხედავად რეზოლუციაში ასახული პირდაპირი მოწოდებებისა და უმაღლესი კომისრის არაერთი ძალისხმევისა, მისი ოფისის წარმომადგენლებს ამ დრომდე არ მიეცათ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში შესვლის საშუალება. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ადგილზე ჰუმანიტარული სიტუაცია უარესდება. ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებები ყოველდღიურად ირღვევა, მათ შორის პანდემიის დროს. გრძელდება მავთულხლართების, ასევე სხვა ხელოვნური ბარიერების მონტაჟი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მიმდებარე ტერიტორიებზე. ამასთან, უპრეცედენტოდ დიდხანს არის დახურული ე.წ. გადასასვლელი პუნქტები და გადაადგილების თავისუფლება შეზღუდულია, მათ შორის ადამიანებს უარს ეუბნებიან სამედიცინო მიზეზებით ევაკუაციაზე, რაც ხშირად ფატალურად სრულდება. ამან მნიშვნელოვნად გააუარესა ჰუმანიტარული სიტუაცია. საოკუპაციო ძალის ასეთი დესტრუქციული ქმედებები აბრკოლებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, დაეხმაროს მოქალაქეებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გვერდი-გვერდ ცხოვრობენ. ეს ხდება „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს. მეტიც პანდემიის მიუხედავად, ჩემი ქვეყანა ყოველდღიურად არის რუსეთის გაძლიერებული ჰიბრიდული ომის სამიზნე, დეზინფორმაციის და კიბერთავდასხმების გზით. მათ შორის პროპაგანდის გავრცელებით რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაბორატორიის შესახებ, რომელმაც საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ზალკალიანმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, გახელაძის დაკავება ნათელი მაგალითია, თუ როგორ მანიპულირებენ საოკუპაციო ძალები ადამიანების სიცოცხლით.

ამასთან, ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის დესტრუქციული ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ მოსახლოებას იძულების წესით გადაადგილების ახალი ტალღით ემუქრება.

ზალკალიანმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც რუსეთმა ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით იკისრა.

„საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძე, რომელსაც ესროლეს, დაჭრეს და არალეგალურად დააკავეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ივლისის თვეში, არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ მანიპულირებენ საოკუპაციო ძალების ადამიანების სიცოცხლით. საოკუპაციო რეჟიმის ბოლო პროვოკაციული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მისი უკანონო პატიმრობა გახანგრძლივდა 12 წლით, აღმაშფოთებელია. ეს საკითხი ითხოვს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს უმაღლესი კომისრისა და საბჭოს პრეზიდენტის დაუყოვნებლივ ჩართულობას. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, ფაქტობრივად, არაფერი გაკეთებულა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის უფლების შეზღუდვის სასტიკ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულებისთვის, რამაც გააღვივა დაუსჯელობის განცდა, გამოიწვია წამებისა და ადამიანთა სიცოცხლის უფლების შეზღუდვის ახალი შემთხვევები. ორგანიზატორებმა პასუხი უნდა აგონ. ამ კუთხით მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მნიშვნელობას“, როგორც პრევენციული მექანიზმისა, რომელიც ითვალისწინებს შემზღუდავი ზომების მიღებას ინდივიდუალურ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებათა დარღვევებზე ოკუპირებულ რეგიონებში და ამ საკითხზე თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს.

სამწუხაროდ, იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები, რომლებიც ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად, რუსეთის ფედერაციამ გააძევა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ჯერ კიდევ ვერ ბრუნდებიან სახლებში. რუსეთის დესტრუქციული ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ მოსახლოებას იძულების წესით გადაადგილების ახალი ტალღით ემუქრება. ჩვენ სრულად ვეთანხმებით გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდებებს, რომ პოლიტიკური გამოსავლის არარსებობა არ უნდა იყოს დაბრკოლება იმ ადამიანების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისთვის, რომლებსაც უსაფრთხოების მინიმალური გარანტიებიც კი არ აქვთ და გაძევების მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ. საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიცია გადამწყვეტია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ამ სესიაზე წარმოვადგენთ რეზოლუციას „საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ“ და თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ადამიანი უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებამ საქმეზე –  „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”, ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა რუსეთის ოკუპაცია და ის, რომ რუსეთი ახორციელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების ეფექტურ კონტროლს. ასევე დაადასტურა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევებზე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომისა და შემდგომი ოკუპაციის პერიოდშიც. ამის გათვალისწინებით, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, რომელიც რუსეთმა ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით იკისრა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დატოვე კომენტარი