დავით ზალკალიანი - მობილიზებული გვყავს ე.წ. ფრილანსერი, ასევე აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმები, რათა იქ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს დავეხმაროთ
დავით ზალკალიანი - მობილიზებული გვყავს ე.წ. ფრილანსერი, ასევე აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმები, რათა იქ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს დავეხმაროთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ინდოეთში, ისრაელში, ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ბელორუსში, პორტუგალიაში, ჩეხეთში, უნგრეთში და კვიპროსში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან მორიგი ვიდეოკონფერენცია გამართა, რომელზეც უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი, ასევე, თანამემამულეების ადგილზე დახმარების საკითხი განიხილეს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, კონფერენციაზე უკვე არსებულ და დამატებით მექანიზმებზე ისაუბრეს, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ეფექტიან დახმარებას. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქების მიმართულებით ავიარეისების განხორციელების საკითხზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ვფლობდეთ ზუსტ ინფორმაციას ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ. ვიდეოკონფერენცია კარგი საშუალებაა, რათა ამომწურავად ვისაუბროთ მოქალაქეების არა მხოლოდ სამშობლოში დაბრუნებაზე, არამედ ადგილზე დახმარების აღმოჩენაზე”, – აღნიშნა მინისტრმა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აშშ-ში არსებულ მდგომარეობას, ვირუსის გავრცელების დინამიკის ზრდის გათვალისწინებით.

„ვისაუბრეთ იმ მექანიზმებზე, რაც გააჩნია საქართველოს წარმომადგენლობებს ვაშინგტონში და ნიუ-იორკში, რათა ჩვენს მოქალაქეებს აღმოვუჩინოთ პირველადი დახმარება, მათ შორის, კონსულტაციების სახით. მობილიზებული გვყავს ე.წ. ფრილანსერი ექიმები, ასევე აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმები. მათი მხრიდან მიღებული ინფორმაცია ძალიან სასარგებლოა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რადგან აშშ-ში საკუთარ მოქალაქეებსაც სახლის პირობებში უწევენ კონსულტაციას და მკურნალობას. მსგავსი სახის კონსულტაციები საელჩოს და საკონსულოების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

საუბარი ასევე შეეხო იმ ახალ მიმართულებებს, რომელთა განხორციელებაც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მოქალაქეთა ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით დაიგეგმა. მინისტრის თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვირუსის გავრცელების გამო შექმნილი ყოფითი პრობლემების შემსუბუქება მაქსიმალურად მოხდება.

„დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კონსულებს პანდემიის ფონზე გაწეული მუშაობისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ამ ურთულეს პერიოდში საქართველოს მოქალაქეების სამსახურში ყოფნისთვის.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავს უცხოეთში მყოფი  მოქალაქეების მდგომარეობას. მთავრობის აქტიური მუშაობით, ამ ეტაპზე, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 4000-ზე მეტი მოქალაქე, ხოლო მსოფლიოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.