დავით ზალკალიანი - საერთაშორისო თანამეგობრობა არის ერთიან პოზიციაზე, მათ დაადასტურეს, რომ დაუშვებელია ნებისმიერი საუბარიც კი გავლენის ახალ სფეროებზე, ეს წარსულს ჩაბარდა
დავით ზალკალიანი - საერთაშორისო თანამეგობრობა არის ერთიან პოზიციაზე, მათ დაადასტურეს, რომ დაუშვებელია ნებისმიერი საუბარიც კი გავლენის ახალ სფეროებზე, ეს წარსულს ჩაბარდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, უკრაინელ პარტნიორებთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან.

ზალკალიანის თქმით, უკრაინელ კოლეგას დღეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა და სოლიდარობა.

„ცოტა ხნის წინ მქონდა სატელეფონო საუბარი ჩემს უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთან. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან. მოგეხსენებათ, წინა კვირას ვიმყოფებოდი ბრიუსელში, სადაც ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან, ასევე ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთად განვიხილეთ უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება, საერთოდ რეგიონში არსებული მძიმე სიტუაცია, იმ რიტორიკის და ქმედებების ფონზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს და ბუნებრივია, ჩვენ ვართ მუდმივი კომუნიკაციის და კოორდინაციის რეჟიმში ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან.

ჩემი ვიზიტის დროს იქ მიმდინარე მოლაპარაკების პროცესს ესწრებოდა ასევე უკრაინის წარმომადგენელი და სწორედ მასთან ერთად განვიხილეთ ნატო-ს წევრი ელჩების თანდასწრებით ჩვენი კოორდინირებული საქმიანობის შემდგომი ნაბიჯები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას დასავლეთის მხრიდან, რათა არ იყოს დაშვებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია და ვითარება არ გადაიზარდოს უმართავ პროცესში, მათ შორის უკრაინის ტერიტორიის ხელყოფაში.

სწორედ ამ საკითხებზე მქონდა მე დღესაც საუბარი ჩემს უკრაინელ კოლეგასთან. მას კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი ხელისუფლების მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩვენი უკრაინელი ძმებისთვის ამ მეტად მძიმე პერიოდში. აღინიშნა, რომ ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო გამოწვევა, რომელიც არის დაკავშირებული ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციასთან და ამ საერთო გამოწვევის წინააღმდეგ, ამ გამოწვევის გამკლავების პროცესში უნდა ვიყოთ ერთად, ჩვენი საქმიანობა უნდა იყოს სრულ თანხვედრაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მინდა, დაგიდასტუროთ, რომ ეს ასეც არის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

რაც შეეხება კითხვას, რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ, უკრაინამ და დასავლელმა პარტნიორებმა, რათა შავი ზღვის რეგიონში გამწვავებული ვითარება უმართავ პროცესებში არ გადავიდეს, მინისტრის განმარტებით, უნდა იყოს ერთიანობის დემონსტრირება რუსეთისთვის და ასეც არის.

„მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩემი ვიზიტების შედეგად, რომელიც წინა კვირას გავმართე ევროპაში, მაქვს საფუძველი, ვთქვა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ერთიანი არიან პოზიციაში და ისინი არიან ასევე სრულ თანხვედრაში ჩვენს პოზიციებთან დაკავშირებით. ეს უკვე გაცხადებული არის იმ დიალოგში, რომელიც მიმდინარეობს ერთი მხრივ აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას შორის, მეორე მხრივ, ნატოელ პარტნიორებსა და რუსეთის ფედერაციას შორის. იქ იყო ძალიან მკაფიოდ დაფიქსირებული, რომ მიუღებელია ნებისმიერი სახის, რაიმე  სახის იურიდიულ გარანტიებზე საუბარი, მაშინ როდესაც არსებობს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ძალიან მკაფიოდ განუცხადეს რუსეთის ფედერაციას, რომ ეს გადაწყვეტილება არ გადაიხედება.

ასევე, ძალიან მკაფიო პოზიცია არის დაფიქსირებული ჩვენი ნატოელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რა ზომისაც არ უნდა იყოს ის, მცირე, თუ დიდი ზომის ქვეყანა, აქვს სუვერენული უფლება, თვითონვე აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები. და ძალიან ცინიკურია, რომ თვითონ რუსეთი აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ მის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებას.

ამიტომ, აქ, როგორც არასდროს, ისე მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობა იყოს ერთიანი, თანმიმდევრული პოზიციაში და ისინი ამას აკეთებენ კიდეც. როგორც ბრიუსელში, ისე ბალტიისპირეთში მე მქონდა ვიზიტი და დაადასტურეს მათ ჩემთან პირად საუბრებში, რომ ეს პოზიცია არ გადაიხედება, რომ დაუშვებელია ნებისმიერი საუბარიც კი გავლენის ახალ სფეროებზე. გავლენის სფეროებზე საუბარი ისტორიაა, ეს წარსულს ჩაბარდა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.