დავით ზალკალიანი - მნიშვნელოვანია, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე საქართველოს საკითხის წინ წამოწევა ხდება
დავით ზალკალიანი - მნიშვნელოვანია, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე საქართველოს საკითხის წინ წამოწევა ხდება

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ბოლო პერიოდში მუდმივად ხდება რუსეთის ფედერაციასთან მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველოს საკითხის წინ წამოწევა , – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

დავით ზალკალიანის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის განცხადება, როდესაც მან მოსკოვში ვიზიტისას ძირითად თემატიკას შორის ახსენა საქართველო და საქართველოს ოკუპაცია.

ზალკალიანის შეფასებით, ეს ყველაფერი სწორედ ეფექტიანი კომუნიკაციისა და იმ საქმიანობის შედეგია, რასაც საქართველოს დიპლომატიური სამსახური ახორციელებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ბოლო პერიოდში მუდმივად ხდება რუსეთის ფედერაციასთან მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველოს საკითხის წინ წამოწევა, განსაკუთრებით ოკუპაციის და ჩვენი ტერიტორიების საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხასზგასმის ფარგლებში, ასევე მიუღებლობის ხაზგასმით ადგილზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

ჩვენ ვიხილეთ ძალიან მკაფიო გზავნილები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მხრიდან. ასევე, ვიხილეთ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო გზავნილები, რომელიც მან გააჟღერა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკომფერენციაზე. ასევე, რა თქმა უნდა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განხცხადება მოსკოვში განხორციელებული ვიზიტის შედეგებთან საუბრის დროს, როდესაც მან ძირითად თემატიკას შორის ახსენა საქართველო და საქართველოს ოკუპაცია, იქ შექმნილი მძიმე სიტუაცია. ეს არის ზუსტად ძალიან ეფექტიანი კომუნიკაციისა და საქართველოს საქმიანობის შედეგი, რომელსაც ჩვენი დიპლომატიური სამსახური ახორციელებს ჩვენს ყველა დასავლელ პარტნიორთან.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ კომუნიკაციის შედეგებს ძალიან ხშირად ვიხილავთ, რადგან დეოკუპაციის პროცესის შეუქცევადობის მიზნით, მნიშვნელოვანია, ყველა საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის ჩვენი პარტიონერების რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში სხვა ცხელ საკითხებთან ერთად, მუდმივად იყოს ხაზგასმა მიუღებლობაზე იმ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით, რასაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა რუსეთის დედაქალაქიდან დაბრუნების შემდეგ დაწერილ ბლოგში განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც შეეხნენ პრობლემურ სამეზობლოზე საუბრისას მოსკოვში.