საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ჩეხ კოლეგას, ტომას პეტრიჩეკს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგს. მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და ჩეხეთის ურთიერთობებს როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზი გაესვა ჩეხეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჩეხ კოლეგას 2018-2023 წლების ჩეხეთის განვითარების პროგრამაში საქართველოს როგორც პრიორიტეტული ქვეყნის განსაზღვრისთვის და იმ დახმარებისთვის, რასაც ჩეხეთი ახორციელებს საქართველოს რეგიონების განვითარების, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის და ეფექტური მმართველობის მიმართულებით.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრისას მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ჩეხ კოლეგას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩეხი მონიტორების აქტიური მონაწილეობისათვის, შეშფოთება გამოითქვა ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებული პროცესების, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გახშირებული ფაქტების გამო, აღინიშნა ჩეხეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.