დავით ზალკალიანი - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, უნდა გავაგრძელოთ ჩვენი აქტივობა ყველა საერთაშორისო დონეზე
დავით ზალკალიანი - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, უნდა გავაგრძელოთ ჩვენი აქტივობა ყველა საერთაშორისო დონეზე

მსოფლიოს დღის წესრიგი და საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემა დიდწილად განპირობებულია რუსეთის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, საქართველომ უნდა გააგრძელოს აქტივობები ყველა საერთაშორისო დონეზე.

„დღევანდელი მსოფლიოს დღის წესრიგი და საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემა დიდწილად განპირობებულია რუსეთის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. ამ პრობლემას საერთაშორისო თანამეგობრობა აწყდება არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, იგივე უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. სწორედ ამით არის გამოწვეული ის პოლარიზაცია საერთაშორისო ფლანგზე, რასაც თვალყურს ვადევნებთ ბოლო თვეების განმავლობაში.

საქართველო თანმიმდევრული ვართ სამშვიდობო პოლიტიკის, ჩვენი სტრატეგია არის მიმართული, რა თქმა უნდა, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ჩვენს ძმებთან და დებთან დაკავშირებით, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს იმყოფებიან, ჩართულობის პოლიტიკასთან და იმ სიკეთეების გაზიარებასთან, რომელიც საქართველოს აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. რა თქმა უნდა, უნდა გავმიჯნოთ ჩვენი საქმიანობა, რაც არის დეოკუპაციასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს ამ ვალდებულებებს, სხვა გზა არ არის, უნდა გავაგრძელოთ ჩვენი აქტივობები ყველა ფორმატში, ყველა საერთაშორისო დონეზე. ისე, როგორც, ბოლო წლების განმავლობაში, როგორც არასდროს, საქართველოს საკითხი იყო აქტუალური ყველა ფორმატში.

2012-წლამდე არასდროს ყოფილა გამოყენებული უშიშროების საბჭოს ფორმატი, მაშინ, როდესაც თუნდაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ექვსჯერ იყო საქართველოს საკითხი განხილული და ამას ჩვენ ვახერხებთ ჩვენი პარტნიორების დახმარებით. რა თქმა უნდა, ეს კომფორტს არ უქმნის რუსეთის ფედერაციას და მათ უწევთ თავის მართლება საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. მესმის, რომ ჩვენი საზოგადოების მხრიდან არის მოლოდინი, დაუყოვნებლივ იქნას მიღწეული შედეგი და ის ვალდებულებები, რაც არის იძულებით გადაადგილებულ პირებთან, გადასასვლელების გახსნასთან დაკავშირებით, შეწყდეს უკანონო დაპატიმრებები, უკანონო ბორდერიზაცია, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ეს ყველაფერი გროვდება, ეს არის სწორედ საერთაშორისო ზეწოლის ბერკეტი და მექანიზმი, რომელზე უკეთესიც დღეს საერთაშორისო თანამეგობრობას არ აქვს. ამიტომ ჩვენ ვართ თანმიმდევრული და ამას აუცილებლად გავაგრძელებთ.