დავით ზალკალიანი - მიშელის მიერ საქართველოში საკუთარი წარმომადგენლის გამოგზავნა მიანიშნებს, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი საქართველოში სტაბილურობას
დავით ზალკალიანი - მიშელის მიერ საქართველოში საკუთარი წარმომადგენლის გამოგზავნა მიანიშნებს, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი საქართველოში სტაბილურობას

ასოცირების საბჭო გახლავთ საქართველო-ევროკავშირის უმაღლესი ფორმატი. აქედან გამომდინარე, ის განიხილავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ყველა ძირითად მიმართულებას – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი და უმაღლესი წარმომადგენელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებითაც ისაუბრებენ.

ამასთან, როგორც ზალკალიანმა განაცხადა, ასოცირების საბჭოს დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ეკონომიკის საკითხები.

„ბუნებრივია, განხილული იქნება რეგიონში არსებული ვითარება. რა თქმა უნდა, ახალი გეოპოლიტიკური გარემო მოითხოვს ჩვენ შორის ძალიან კოორდინირებულ და თანმიმდევრულ საქმიანობას. ამიტომ ჩვენ ვისაუბრებთ ამ თემაზე. ასევე პრემიერ-მინისტრი და უმაღლესი წარმომადგენელი ისაუბრებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ევროკავშირი ჩართულია ჟენევის მოლაპარაკების პროცესში და ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე. ასევე, ასოცირების საბჭოს დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ეკონომიკური მიმართულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, ასოცირების დღის წესრიგის ინპლემენტაცია. ასევე, დემოკრატია, მართლმსაჯულება, ყველა ის საკითხი, რასაც ფარავს ასოცირების შეთანხმება, ინება განხილული“, – განაცხადა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის თქმით, ასოცირების საბჭოს სხდომაზე ასევე, განიხილავენ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ზალკალიანის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში თავისი წარმომადგენელი გამოაგზავნა, მანიშნებელია, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი საქართველოში სტაბილურობას.

„ბუნებრივია, ასევე შეხვედრებიიქნება ევროკავშირის უმაღლეს დონეზე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ძირითადი თემები რა თქმა უნდა, იქნება როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები, მოლაპარაკებები, რომელიც მისი უშუალო ინიციატივითა და მედიაციით მიმდინარეობს. თავად ის ფაქტი, რომ მან საკუთარი წამრომადგენელი გამოაგზავნა, მიანიშნებს, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი საქართველოში სტაბილურობას, რადგანაც სტაბილურობის გარეშე ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა წარმოუდგენელია. ამიტომ, პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, მასთან ერთად განიხილოს თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული პროცესები. რა თქმა უნდა, ასევე შეხვედრები იქნება ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენელთან. შეხვედრები იქნება ევროპარლამენტის წევრებთან და რა თქმა უნდა, ნატოსთან თანამშრომლობა ამ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ნატო-ს გენერალურ მდივანს. ის გამოვა ნატო-ს ერთობლივი კომისიის სხდომაზე და მოახსენებს ჩვენს მოკავშირეებს, ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესში არსებულ პროგრესზე“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.