დავით ზალკალიანი - მიღებულმა შედეგმა, 47%-მა და საერთაშორისო შეფასებებმა საბოლოო წერტილი დაუსვა ყოველგვარ სპეკულაციას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით
დავით ზალკალიანი - მიღებულმა შედეგმა, 47%-მა და საერთაშორისო შეფასებებმა საბოლოო წერტილი დაუსვა ყოველგვარ სპეკულაციას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით

მიღებულმა შედეგმა, 47%-მა და საერთაშორისო შეფასებებმა საბოლოო წერტილი დაუსვა ყოველგვარ სპეკულაციას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„მოგიწოდებთ, კიდევ ერთხელ, გულდასმით წაიკითხოთ ეუთო/ოდირის დასკვნა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ სამწუხაროდ, იმ საერთო ეროვნულმა საკითხებმა, რეფერენდუმის თემამ მოახდინა ადგილობრივი არჩევნების ძირითადი არსის მიტაცება. სანამ თქვენთან მოვიდოდი, გადავხედე ეუთო/ოდირის წინა დასკვნებს, ჯერ კიდევ სააკაშვილის დროინდელ არჩევნებზე, რა პირობებში და გარემოში ტარდებოდა არჩევნები. ვნახე ასევე შემდგომ არჩევნებთან დაკავშირებული დასკვნები და ასევე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩატარებული არჩევნების შეფასებები ეუთო/ოდირის მხრიდან. რა თქმა უნდა, პოლარიზება კარგი არ არის ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ ის ნაკლოვანებები და ხარვეზები, რომლებზეც ამ დასკვნებშია საუბარი, უცხო არ არის ბევრი იმ ევროპული ქვეყნისთვის, რომლებსაც ჩვენზე ცოტათი მეტი დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის გამოცდილება აქვთ. ამაზე საუბარი მქონდა ეუთო/ოდირის დირექტორთანაც. ეუთო/ოდირის დირექტორი საერთოდ არ ესწრება ხოლმე არჩევნებს, არა თუ ადგილობრივ, არამედ საპარლამენტო არჩევნებსაც და მისი ჩამოსვლა უპრეცედენტო იყო. არჩევნების მეორე დღეს, როდესაც მე მას შევხვდი, პოლარიზაციაზე, დაპირისპირებაზე, დაშინებაზე, სახელმწიფო და პარტიულ რესურსებს შორის ზღვარის გაქრობაზე მითხრა, რომ ამაში უჩვეულო არაფერია და რა თქმა უნდა, ევროკავშირის ბევრ ქვეყანასაც აქვს იგივე პრობლემები. აი, ეუთო/ოდირის ეს დასკვნები რომ წაიკითხოთ და სათაურს ხელი დააფაროთ, რომელი ქვეყანაა, შეიძლება, გეგონოთ, რომ საქართველოზეა საუბარი“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ამ განცხადებით დავით ზალკალიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, დაუსვა თუ არა ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხს საბოლოო წერტილი სადამკვირვებლო მისიების წინასწარმა შეფასებებმა, ევროპარლამენტართა გზავნილებმა და აშშ-ის საელჩოს განცხადებამ.

წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არის ასეთი სხვაობა ეუთო/ოდირის მისიის წინასწარ დასკვნას, ევროპარლამენტარების შეფასებასა და აშშ-ის საელჩოს განცხადებებს შორის, რადგან აშშ-ის საელჩოს განცხადება უფრო კრიტიკული და მკვეთრად განსხვავებულია, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩოს განცხადება მკვეთრად განსხვავებული არ არის.

„ვერ ვიტყოდი, რომ მკვეთრად განსხვავებულია. ობიექტური რომ ვიყოთ, ესეც უნდა ვთქვათ და ისიც. პირველი ნაწილში ისინი იზიარებენ ეუთო/ოდირის მისიის შეფასებას, ჩვენს ხალხს ულოცავენ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ხარვეზებზე და პრობლემებზე საუბარი იყო და არ უარვყოფთ, რომ ეს პრობლემები იყო, ყოფილა და მომავალშიც იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, ეს რაც შეიძლება, მინიმუმამდე დავიყვანოთ. ფაქტია, ეს არჩევნები იყო ბევრად უკეთესი, თუნდაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნები იყო კარგად ადმინისტრირებული და მართლაც უპრეცედენტო, რადგან მსგავსი არჩევნები საქართველოში არასდროს ჩატარებულა.

„რამდენიმე განცხადება მოვისმინე, თითქოს, 2012 წლის არჩევნები იყო სამართლიანი, რასაც კატეგორიულად არ დავეთანხმები და ვერ მივიღებ. იმიტომ, რომ 2012 წელს კამპანია საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, როდესაც საარჩევნო აგიტაცია და ხალხთან შეხვედრა ქვების ქარცეცხლში გვიწევდა და, როდესაც სატელიტურ თეფშებს აყადაღებდნენ. იმის გამო, რომ ჩემი მეგობარი sms-ით მწერდა, საქმე როგორ არის და თქვენი საქმე როგორ მიდისო, კუდ-მა დააპატიმრა და 1-ელ ოქტომბრამდე საპატიმროში ჰყავდათ. გახსოვთ თქვენ, რა იყო და იმ პირობებში ჩატარებული არჩევნები იყო სამართლიანი?“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.