დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. შეხვედრა გაიმართა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.

დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პერიოდია, რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საჭიროებს მჭიდრო კოორდინაციას და ორივე მხრიდან პოზიციების შეჯერებას.

„მოგეხსენებათ, რომ თურქეთი არის საქართველოს ძალიან მკაფიო მხარდამჭერი – ჩვენი ატლანტიკური ინტეგრაციის, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის. გარდა ამისა, ის არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩართულია გეოპოლიტიკური მნიშვნელობის სტრატეგიულ პროექტებში და ასევე, გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვიზიტი შეაფასა თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა. გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, დავით ზალკალიანი ვიცე-პრემიერის რანგში ოფიციალურად პირველად სტუმრობს ანაკარას და ამ უმნიშვნელოვანესი ვიზიტის ფარგლებში, როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე რეგიონში მიმდინარე პროცესების კუთხით ძალიან საყურადღებო საკითხები განიხილება.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიიდან გამომდინარე დაპაუზებული ურთიერთობები განახლდება და მიეცემა ახალი იმპულსი სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს თანამშრომლობა ენერგეტიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის თუ სხვა სფეროებში.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ დავით ზალკალიანი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, ასევე, შეხვდება თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს. ვიზიტის დასასრულს კი, დავით ზალკალიანი მოინახულებს საქართველოს საელჩოს ანკარაში, სადაც სიმბოლურად აღინიშნება დიპლომატიური მისიის გახსნის 100 წლის იუბილე.

დატოვე კომენტარი