დავით ზალკალიანი მარტში არგენტინას ეწვევა
დავით ზალკალიანი მარტში არგენტინას ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მარტში არგენტინას ეწვევა. ამის შესახებ ნათქვამია არგენტინული გაზეთ „კლარნში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორი ცნობილი არგენტინელი ჟურნალისტი სილვია ნაიშტატია. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ დავით ზალკალიანი არგენტინაში გაერო-ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელზე 60 ქვეყნის მთავრობის მეთაურია მიწვეული.

სტატიაში საუბარია საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე, ასევე ტურიზმის, ქართული ღვინისა და არგენტინასთან თანამშრომლობის შესახებ.
„საქართველომ, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა, ადგილი დაიმკვიდრა, როგორც რეგიონული ჰაბი, რომელზეც ევროპაში მიმავალი გაზსადენები და სარკინიგზო ხაზები გადის. საქართველო არის ჩინეთის ინიციატივით წამოწყებული „აბრეშუმის გზის“ პროექტის მონაწილე. ქვეყანას, რომელშიც 4 მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს, წელიწადში 7,5 მილიონი ტურისტი სტუმრობს“, – წერს არგენტინელი ჟურნალისტი.

პუბლიკაციაში ასევე ნათქვამია, რომ არგენტინის რამდენიმე რეგიონი კახეთში დაწურული ღვინით უკვე დაინტერესდა და ტექნოლოგიების გაცვლაზე შეთანხმება შედგა.

შეგახსნებთ, არგენტინა პირველი სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელმაც საქართველო დამოუკიდებლობა აღიარა. გამოცემა „კლარინი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგენტინული გაზეთია, მას ქვეყანაში ყველაზე დიდი ტირაჟი აქვს.