დავით ზალკალიანი - მადლობა სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის
აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი მადლობას უხდის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.
დავით ზალკალიანი „ფეისბუქში“ აზიარებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებას, რომელიც აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს.
„მადლობა სახელმწიფო დეპარტამენტს ჩვენი, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აშშ იდგა და დგას ჩვენ გვერდით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში.