დავით ზალკალიანი - მადლიერი ვართ თურქეთის იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით
დავით ზალკალიანი - მადლიერი ვართ თურქეთის იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრაზე გაიმართა ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული მსჯელობა, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონული თანამშრომლობის ფართო სპექტრზე.

ზალკალიანის თქმით, აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანმაშრომლობა პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-ჰუმანიტარული თვალსაზრისით, დინამიურად ვითარდება.

თუმცა, დავით ზალკალიანის განმარტებით, არსებობს ორმხრივი მზაობა, აღნიშნული თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდეს.

„თურქეთში ვიზიტი ყოველთვის ძალიან საინტერესოა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას უკვე მრავალი წელია, აერთიანებს და ჩვენ ერთობლივად ვავითარებთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას მთელი რიგი მიმართულებით. მინისტრთან მქონდა ძალზე ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული მსჯელობა, როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონული თანამშრომლობის ფართო სპექტრზე.

ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი თანმაშრომლობა უაღრესად დინამიურად ვითარდება ყველა სპექტრზე, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მაგრამ არსებობს უფრო მეტი შესაძლებლობა და არის ორმხრივად მზაობა, რომ ეს თანამშრომლობა ავიყვანოთ თვისობრივად ახალ დონეზე ისე, როგორც შეეფერებათ ნამდვილ, სტრატეგიულ პარნტიორებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით, 100 წელი შესრულდა ანკარაში საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნიდან და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რამდენად მტკიცე და მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირები.

„რა თქმა უნდა, ჩვენ განსაკუთრებით მადლიერი ვართ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის, იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობთ ყველა ფორუმზე და მაღალი დონის შეხვედრაზე, გამოხატულს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ასევე, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს „მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს ფუნქციონირების მნიშვნელობაზე და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში ამ ფორმატში თანამშრომლობა უნდა გააქტიურდეს“.