დავით ზალკალიანი - ლოიდ ოსტინის ვიზიტი იყო მძლავრი გზავნილი აშშ-ის მხარდაჭერის, ჩვენ ვიყავით, ვრჩებით და ვიქნებით აშშ-ის ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში
დავით ზალკალიანი - ლოიდ ოსტინის ვიზიტი იყო მძლავრი გზავნილი აშშ-ის მხარდაჭერის, ჩვენ ვიყავით, ვრჩებით და ვიქნებით აშშ-ის ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტი აშშ-ის მხარდაჭერის მძლავრი გზავნილი იყო.

ზალკალიანის თქმით, ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული მემორანდუმი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობას.

„ეს იყო ძალიან მძლავრი გზავნილი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერის, ისეთ დროს, როდესაც რეგიონში სწრაფად იცვლება სიტუაცია, გეოპოლიტიკური სურათი არის სერიოზულად შეცვლილი. სწორედ ასეთ დროს განხორციელებული ასეთი მაღალი დონის ვიზიტი, ის გზავნილები, რაც თავდაცვის მდივანმა გააჟღერა, მიანიშნებს იმ სერიოზულ მხარდაჭერაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს აშშ-ის მხრიდან.

ასევე, ვიზიტს შედეგად მოყვა კონკრეტული შედეგები, რაც იყო გამოხატული მემორანდუმის გაფორმებაში. ის მემორანდუმი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობას, გააძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, ჩვენს მდგრადობას, ჩვენს როლს შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ ვიყავით, ვრჩებით და ვიქნებით აშშ-ის ყველაზე სანდო პარტნიორი მთლიანად რეგიონში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტი დასრულდა. პენტაგონის ხელმძღვანელი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან გამართული ორმხრივი შეხვედრების გარდა, ვიზიტის ფარგლებში ლოიდ ოსტინი სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო ბაზასაც ეწვია. ვიზიტის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც, როგორც აღინიშნა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.