დავით ზალკალიანი ლიეტუვის პრეზიდენტს შეხვდა​​​​
დავით ზალკალიანი ლიეტუვის პრეზიდენტს შეხვდა​​​​

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლიეტუვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედა შეხვდა​​​​. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ვილნიუსის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

უწყების ცნობით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არსებულ უსაფრთხოების გარემოს და რუსეთთან მიმდინარე დიალოგს, რა დროსაც კიდევ ერთხელ აღინიშნა პარტნიორი ქვეყნების მტკიცე პოზიცია საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებების მხარდასაჭერად და ასევე ხაზი გაესვა ნატო-სთან, აშშ-სთან და მეგობარ სახელმწიფოებთან მიმდინარე მაღალი დონის კოორდინაციის მნიშვნელობას.

პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს, კიდევ ერთხელ დადებითად იქნა შეფასებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და მისი შედეგები, რაც მხარეთა შეფასებით, ხელშესახებ შედეგს მოუტანს ქართულ საზოგადოებას.

ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივაზე სამხრეთ კავკასიაში, ლიეტუვის პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაერო-ს ტრიბუნიდან გაჟღერებულ ინიციატივას, რაც რეგიონში მდგრადი მშვიდობის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე უკანონო ქმედებები, რაც მძიმედ აისახება როგორც ჰუმანიტარულ, ასევე უსაფრთხოების გარემოზე.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვის პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის, რისი გამოხატულებაც იყო მისი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

დატოვე კომენტარი