დავით ზალკალიანი - კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საზოგადოების ფართო ჩართულობით შევქმნათ განახლებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული
დავით ზალკალიანი - კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საზოგადოების ფართო ჩართულობით შევქმნათ განახლებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სამთავრობათაშორისო კომისია დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით.

მისივე თქმით, კომისიას უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს შეიქმნა სამთავრობათაშორისო კომისია დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების და განხორციელების მიზნით, რომელსაც უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ჩვენი მიზანი და ამბიციაა, რომ შევქმნათ საერთო ეროვნული პროცესი და ერთობლივად შევიმუშაოთ ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა, სტრატეგიული ხედვა დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით. ეს იქნება უაღრესად საპასუხისმგებლო და ყოვლისმომცველი პროცესი, რომელშიც ჩართული იქნება საზოგადოების ყველა სეგმენტი, როგორც სახელმწიფო უწყებები და ინსტიტუტები, ისე სამოქალაქო საზოგადოება, ასევე კვლევითი ცენტრები, ანალიტიკური ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ექსპერტები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანები და მოსახლეობის ფართო წრეები. წლის ბოლომდე გაიმართება არაერთი შეხვედრა, დისკუსია, დიალოგი, კონსულტაცია როგორც უწყებათაშორის დონეზე, ისე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით და ერთობლივად შევიმუშავებთ სახელმწიფოებრივ ხედვას ხვალინდელი სამშვიდობო პოლიტიკის და დეოკუპაციის ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, ზალკალიანის განმარტებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საზოგადოების ფართო წრეების ჩართულობით შექმნან განახლებული, კომპლექსური და ყოვლისმომცველი სამშვიდობო პოლიტიკა.

„იმ პირობებში, როდესაც ჩვენს რეგიონში უმწვავესი უსაფრთხოების გარემო შეიქმნა და ქვეყანა ახალი ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დადგა, პარალელურად კი, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში ყოველდღიურად მძიმდება ჰუმანიტარული სიტუაცია, ამ მიმართულებით აუცილებელია, ჩვენი პოლიტიკა იყოს პროაქტიული და კიდევ უფრო ეფექტიანი ქმედითი კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. სწორედ დეოკუპაციის სტრატეგიაში, რომელსაც შეიმუშავებს ეს კომისია, იქნება გაწერილი ყველა ეს ძირითადი მიმართულება.

ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საზოგადოების ფართო წრეების ჩართულობით მოხდეს ეს და შევქმნათ განახლებული, კომპლექსური და ყოვლისმომცველი სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული. ის იქნება ორი პარალელური მიმართულებით, ერთი – რა თქმა უნდა, დეოკუპაციის მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობები და მეორე – ჩართულობის კუთხით, ოკუპაციის მეორე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის იმ სიკეთეების გაზიარების თვალსაზრისით, რომელიც გვაქვს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. სწორედ ამის მოლოდინი არსებობს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან და ვფიქრობ, რომ ჩვენ მათთან ერთად შევძლებთ, უკვე პრაქტიკულ განზომილებაში ვთარგმნოთ დეოკპაციის სტარტეგიაში ასახული ძირითადი მიმართულებები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.