დავით ზალკალიანი - ჯონ ბოლტონთან შეხვედრაზე საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე ვისაუბრეთ
დავით ზალკალიანი - ჯონ ბოლტონთან შეხვედრაზე საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე ვისაუბრეთ

ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს მდივან ჯონ ბოლტონთან შეხვედრაზე საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე ვისაუბრეთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯონ ბოლტონთან ისაუბრეს ასევე იმ რეგიონალურ და გლობალურ გამოწვევებზე, რომელთანაც გამკლავება უხდება საქართველოს.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის გარეშე, ძალიან გაგვიჭირდება ამ პრობლემებთან და გამოწვევებთან გამკლავება. აშშ-ი ამას ძალიან კარგად აცნობიერებს.

ბუნებრივია, საუბრის მთავარი თემა უსაფრთხოების კუთხით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა იყო, ამ მიმართულებით ჩვენ სტრატეგიული პარტნიორისგან გვაქვს მხარდაჭერა. საკითხი მუდმივად დგას ამერიკული პოლიტიკის დღის წესრიგში. ეს თემა რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივი დიალოგის საგანია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა. ბუნებრივია, ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება ამ სიტუაციიდან გამოსვლა იმ ინიციატივებით, რომელიც საქართველოს გააჩნია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მეტი ჩართულობა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს მდივანთან ეკონომიკურ საკითხებზეც ისაუბრეს. დავით ზალკალიანის თქმით, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აუცილებელია, აშშ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები იმ მაღალ ნიშნულამდე მივიდეს, როგორც არის პოლიტიკის, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში.

„აქაც გვაქვს სრული გაგება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, კერძოდ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევის თვალსაზრისით. ამ მიმართულებით სერიოზული სამუშაოები უკვე ჩატარებული გვაქვს და მომავალშიც გაგრძელდება. ვისაუბრეთ ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე, ეს მთავარი მიმართულებაა სტრატეგიულ პარტნიორებთან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს მდივანი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი საქართველოს ეწვია.