დავით ზალკალიანი - ის ფაქტი, რომ შარლ მიშელი უშუალოდ არის ჩართული პროცესში, მიანიშნებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის საქართველოში პარტიებს შორის კონსენსუსის მოძებნა
ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ასევე ხელისუფლება, რომ აუცილებელია, მოიძებნოს კომპრომისული ვარიანტი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შარლ მიშელის პირადი ჩართულობა მიანიშნებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსის მოძებნა.
„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირი გახლავთ შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და თავად ის ფაქტი, რომ ის უშუალოდ არის ჩართული ამ პროცესში, მიანიშნებს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის საკითხი არის ევროკავშირისთვის საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსის მოძებნა ამ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხზე, რადგანაც კიდევ ერთხელ, ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ რეგიონში შექმნილი ფონი არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი, რომ ჩვენ, ყველა ამჟამად უნდა ვიყოთ დაკავებული იმ გარე საფრთხეებზე გამკლავების გზების მოძიებით, შიდა კონსოლიდაციით და უარი ვთქვათ იმ კრიზისში შეყვანის პროცესზე, რა სიტუაციაც არის დღეს. ამიტომ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ასევე ხელისუფლება, რომ აუცილებელია, მოიძებნოს კომპრომისული ვარიანტი და სწორედ ამ თემებზე იყო საუბარი ამ ფორმატში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, რომ მნიშვნელოვანი იყო შარლ მიშელის ვიზიტი თბილისში.
„მან დაიწყო პროცესი, ამ დაწყებული პროცესის შემდეგ გარკვეული დრო გავიდა. შემდეგ მისი სპეციალური წარმომადგენელი იყო ორი დღის განმავლობაში. მას ჰქონდა პირისპირ საუბარი თავდაპირველად. პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა თბილისში ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებზე და შემდგომ უკვე, ეს იმდენად კომპლექსური საკითხია, თავიდანვე იყო სპეკულაციები, თითქოს ეს ერთი შეხვედრით დამთავრდებოდა, მაგრამ ყველა ვამბობდით თვიდან, რომ ეს კომპლექსური საკითხია და არ შეიძლება, მოლაპარაკებები პირველივე შეხვედრაზე დასრულდეს, მით უფრო იმ სიტუაციაში, როდესაც ოპონენტების მხრიდან გარკვეული წინაპირობებითა და დათქმებით იყო. ორივე მხარე მოწადინებული ვართ, როგორც პრეზიდენტი შარლ მიშელი, ისე საქართველოს ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრი, რომ პროცესი დასრულდეს კონსენსუსით. ეს არის ჩვენი მხარის ნება და ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორების დიდი სურვილი. ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, პროცესი დასრულდეს ისე, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.