დავით ზალკალიანი - ირაკლი ღარიბაშვილს გაერო-ს ტრიბუნიდან ექნება მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა, აქცენტი გაკეთდება დეოკუპაციის სტრატეგიასა და საქართველოს როლზე რეგიონში
დავით ზალკალიანი - ირაკლი ღარიბაშვილს გაერო-ს ტრიბუნიდან ექნება მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა, აქცენტი გაკეთდება დეოკუპაციის სტრატეგიასა და საქართველოს როლზე რეგიონში

მნიშვნელოვანი დღეა, რადგან პრემიერ-მინისტრს გამოსვლა ექნება გაერო-ს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან; ეს ტრიბუნა იძლევა შესაძლებლობას, მთელს მსოფლიოს მივაწოდოთ და გავაცნოთ ჩვენი პოზიციები და იდეები, როგორც გლობალური უსაფრთხოების თემატიკაზე, ისე რეგიონულ კონტექსტში ჩვენს როლსა და ფუნქციაზე, ასევე იმ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე, რომელიც ამჟამად არის შექმნილი, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მთავარ აქცენტებზე საუბრისას განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ქვეყნის მომავალზე.

„რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ქვეყნის მომავალზე, იქნება მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში სტაბილური განვითარებისთვის, დემოკრატიული განვითარებისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის და ასევე იმ საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანისთვის, რა საფრთხეებიც იწვევს იმ პრობლემებს, რა პრობლემების წინაშეც ქვეყანა დგას. რა თქმა უნდა, ის შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას, რა შესაძლებლობები არსებობს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და როგორ უნდა გაძლიერდეს კიდევ უფრო ეს კონსოლიდაცია. ის შეეხება ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს. დეოკუპაციის სტრატეგია, რა თქმა უნდა, ძალიან მკაფიოდ გაიჟღერებს ამ გამოსვლაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება რეგიონზე და იმ როლზე, რომელსაც საქართველო ასრულებს რეგიონში, რადგან წლევანდელი ასამბლეის ფარგლებში პრემიერ-მინისტრისა და ჩვენი ორმხრივი შეხვედრები სწორედ ამ ფუნქციის კიდევ უფრო წარმოჩენას და გამოკვეთას ემსახურებოდა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე დღეს სიტყვით გამოვა.