დავით ზალკალიანი - იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში თურქეთთან ვაქცინების მიმართულებითაც გვექნება მნიშვნელოვანი თანამშრომლობა და ხელშესახები შედეგი
დავით ზალკალიანი - იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში თურქეთთან ვაქცინების მიმართულებითაც გვექნება მნიშვნელოვანი თანამშრომლობა და ხელშესახები შედეგი

ჩვენ შევთანხმდით ბევრ შემდგომ ნაბიჯზე, როგორ შეუძლია თურქეთს, აღმოუჩინოს საქართველოს დახმარება, მათ შორის პანდემიასთან გამკლავებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომელმაც მედიასთან თურქეთში ვიზიტის ფარგლებში თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

მისივე თქმით, შესაძლოა, საქართველომ თურქეთთან ვაქცინის მიმართულებითაც ითანამშრომლოს და ამ თვალსაზრისით უახლოეს პერიოდში ხელშესახები შედეგიც დადგეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ასევე ვისაუბროთ პანდემიის შემდგომ თანამშრომლობაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს. ეკონომიკა გასახსნელი გვაქვს, თანმიმდევრულად უნდა გაიხსნას ჩვენი ეკონომიკა. თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია, მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მიმოსვლა, საჰაერო ფრენების აღდგენა და იგივე პანდემიასთან ბრძოლის კუთხით თანმაშრომლობა. ამ თვალსაზრისითაც, ეს ვიზიტი იყო მნიშნველოვანი. ჩვენ ძალიან ბევრ შემდგომ ნაბიჯზე შევთანხმდით, იმაზე, თუ როგორ შეუძლია თურქეთს აღმოუჩინოს საქართველოს დახმარება, მათ შორის პანდემიასთან გამკლავებასთან დაკავშირებით. იგივე პირველ ეტაპზე, როდესაც საქართველოს ძალიან უჭირდა და უჭირდა თურქეთსაც, რადგან პანდემია ახალი გამოწვევა იყო, მაშინ ელემენტარული პირბადეების პრობლემა იდგა და თურქეთი დაგვეხმარა. დღეს ვაქცინების მიმართულებით დგას პრობლემა. აქაც შესაძლოა, რომ ჩვენს შორის იყოს თანამშრომლობა, ამის რწმუნება მივიღე დღევანდელ შეხვედრაზე და იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებითაც უახლოეს პერიოდში გვექნება მნიშვნელოვანი თანამშრომლობა და ხელშესახები შედეგი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.