დავით ზალკალიანი - გუგუტიანთკართან ამჟამად ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი არ მიმდინარეობს
დავით ზალკალიანი - გუგუტიანთკართან ამჟამად ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი არ მიმდინარეობს

გუგუტიანთკართან ამჟამად ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საოკუპაციო ძალებმა გუგუტიანთკართან სამუშაოები განაახლეს, საგარეო უწყება მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს გამოიყენებს.

„ამჟამად მაქვს შესაბამისი უწყებიდან მიღებული ინფორმაცია, რომ პროცესი არ მიმდინარეობს, თუმცა ვაგრძელებთ აქტიურ მონიტორინგს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გვყავდეს აქტიურად ჩართული ამ პროცესში. თუ განახლდა პროცესი, ბუნებრივია, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ 24 საათიან რეჟიმში მთელი დიპლომატიური სამსახური არის მობილიზიზებული პროცესებთან დაკავშირებით. როდესაც საუბარი გვაქვს ოკუპანტებზე და იმ პროცესებზე, რომელიც იქ მიმდინარეობს, ბუნებრივია, ჩვენ ვრჩებით მონიტორინგის რეჟიმში და ამაზე ვრეაგირებთ“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძების მონტაჟი გუშინ დილიდან კვალავ განაახლეს. მათ მიერ წინა დღეებში დამონტაჟებულ რკინის ბოძებზე უკვე გავლებულია რკინის ღობე. ღობის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ორი საცხოვრებელი სახლი. დღეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ადგილზე სამუშაოები არ განუახლებიათ.

ამასთან, დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.